გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საქართველოს პირველი რესპუბლიკა და ისტორიული დიასპორა

საქართველოს პირველი რესპუბლიკა და ისტორიული დიასპორა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
მეორე დიასპორული პროფესიული ფორუმის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის „საქართველოს პირველი რესპუბლიკა და ისტორიული დიასპორა“ ფორმატში მონაწილეობდნენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრთა შთამომავლები, საქართველოს ისტორიული დიასპორის წარმომადგენლები, ქართული სამეცნიერო ინტელიგენცია და სტუდენტები. თემატური სხდომა გახსნა და უძღვებოდა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ანალიზისა დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი თემურ ტარტარაშვილი. სხდომაზე პირველი მოხსენებით წარსდგა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც ისაუბრა ლევილის შატოს მამულის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხზე და მადლობა გადაუხადა პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრთა შთამომავლებს ამ საკითხში გაწეული დახმარებისთვის. საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას შთამომავალმა, ამხანაგობა ,,ქართული კერის“ მმართველმა, ,,ლევილის შატოს“ მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციონირების განსაზღვრის მიზნით შექმნილი პარიტეტული კომისიის წევრმა ირენ ციციშვილმა აჩვენა გურამ შარაძის ფილმი „მოხუცი ლევილელები“ და ისაუბრა ლევილში მცხოვრებ ქართველებზე, ასევე მათ მიერ ლევილში გამართულ ქართულ-ფრანგულ საღამოებზე. ემიგრანტ მამია ბერიშვილის შვილმა, ქართველ ხალხთან მეგობრობის ფრანგული კულტურის ასოციაციის – ,,გაუმარჯოს საქართველოს“ პრეზიდენტმა ტიერი ბერიშვილმა მოხსენება წაიკითხა თემაზე: ,,გადასახლებაში მყოფი ქართული მთავრობის ბრძოლა 1921 წლის 20 მარტიდან 1953 წლის 11 იანვრამდე”. ,,ალექსანდრე ქართველის ასოციაციის“ ხელმძღვანელმა რიჩარდ რუბინმა ავია ინსტრუქტორ ალექსანდრე ქართველის შესახებ გადაღებული დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმი აჩვენა და საზოგადოებას მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების გამო თურქეთში მცხოვრებ ქართველებს მეჰმეთ ნური თაიარს (მამია დუმბაძე) და აჰმეთ ქაჰრამანს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უწყებრივი მედალი „ჩვენ გვაძლიერებს ყოველი, რაც გვაერთიანებს“ გადასცა.
რადიოგადაცემა ,,მიგრაციის მარშრუტების“ ავტორმა ნანა ლომიძემ მოხსენება წაიკითხა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივში ემიგრაციის საკითხზე დაცულ აუდიო და ვიდეო ფონდზე. მან დიასპორის და ემიგრაციის წარმომადგენლებს დიასპორის და ემიგრაციის თემატიკაზე ერთიანი აუდიო და ვიდეო მასალების ფონდის შექმნისკენ მოუწოდა. ,,სტამბოლის ქართული ცენტრის“ თანათავმჯდომარემ სეზენ გონენჩმა (სალომე ბარამიძე) ისაუბრა ,თურქეთელი ქართველებისა და სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრის საქმიანობის შესახებ. ისტორიკოსმა საიდ მულიანმა ისაუბრა ქართველების როლის შესახებ ირანში და ასევე ქართული ენის სწავლების საკითხებზე. ასოციაცია ,,სტამბოლის ქართული კულტურის სახლის“ დამფუძნებელმა ერდალ ქუჩუქმა (ელიზბარ ცივნარიძე) მიმოიხილა „სტამბოლის ქართული კულტურის სახლის“ საქმიანობა და ისაუბრა თურქეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის არჩევით საგნად შემოღების საკითხზე. პოეტმა ზურაბ პაპიაშვილმა წაიკითხა მოხსენება თემაზე ,,ჰერეთის ქართველები და მათი პრობლემები“. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორმა როზეტა გუჯეჯიანმა მიმოიხილა თურქეთელი ქართველის ჰაირი ჰაირიოღლუს ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითადი ასპექტები. თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროფესორმა, მარინე ბერიძემ წაიკითხა მოხსენება მათ მიერ განხორციელებული პროექტის ,,ქართული დიალექტების კორპუსი – დიასპორების მეტყველების დოკუმენტირებისა და კვლევის ინსტრუმენტი“ შესახებ. მომხსენებლებმა ერდოღან შენოლმა (ერეკლე დავითაძე) და მუსთაფა კოლათმა (ილია კოლოტაშვილი) ისაუბრეს თურქეთის რესპუბლიკის საქარიის რეგიონის სოფელ ნუროსმანიეში გახსნილი ქართული ენის კურსის, ისტორიული დიასპორისა და თანამედროვე ემიგრაციის ურთიერთობის შესახებ. ,,სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლის“ დამფუძნებელმა შემსეთინ იემმა (გიორგი ირემაძე) ისაუბრა „სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლის“ ხუთწლიანი მუშაობის შედეგებზე. თურქეთელმა ქართველმა, დოქტორანტმა ნერიმან ალბაირაქმა წაიკითხა მოსხენება თემაზე: ,,ენობრივი სიტუაცია იუსუფელის რაიონის ქართველებში“.