გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

თემატური ჯგუფი – დიასპორული ორგანიზაციები

თემატური ჯგუფი – დიასპორული ორგანიზაციები

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
მეორე დიასპორული ფორუმის ფარგლებში ნაყოფიერად წარმართა მუშაობა დიასპორული ორგანიზაციების თემატურმა ჯგუფმა. ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი ქართული კულტურის ცენტრების საქმიანობის გაცნობა, დაგროვილი გამოცდილების გაზიარება, ქართული სათვისტომოების ერთმანეთთან დაახლოება, დიასპორული პოლიტიკის შემუშავებაში საერთო შეხედულებების ჩამოყალიბება. ჯგუფის საქმიანობას მოდერატორობას უწევდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ზაალ სარაჯიშვილი. ჯგუფის წევრებს მიესალმა და საქმიანობაში წარმატება უსურვა სახელმწიფო მინისტრმა, ბატონმა გელა დუმბაძემ.
მსმენელთა წინაშე წარსდგა შვიდი მომხსენებელი დიასპორული ორგანიზაციებიდან, რომლებმაც ჯგუფის წევრებს გააცნეს მათი ორგანიზაციების საქმიანობა, მიღწეული წარმატებები და მათ წინაშე არსებული პრობლემები; გაუზიარეს კოლეგებს საკუთარი ხედვა დიასპორული ორგანიზაციების მუშაობის სპეციფიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ავთანდილ მიქაბერიძემ, ქ. ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიის“ თავმჯდომარემ, კოლეგებს მოუთხრო ორგანიზაციის მუშაობის შესახებ; გააცნო ათენის ქართული ინსტიტუტის საქმიანობა, რომელიც პირადად მისი, საბერძნეთის ქართული ემიგრაციისა და საქართველოს მთავრობის ძალისხმევით დაარსდა 1998 წელს, ეწევა მნიშვნელოვან საგანმანათლებლო, სამეცნიერო და საგამომცემლო საქმიანობას და ერთ-ერთია იმ 17 უცხოურ უნივერსიტეტთა შორის, რომელიც ამჟამად საბერძნეთში ფუნქციონირებს. მან ყურადღება გაამახვილა ისეთი პროექტების მნიშვნელობაზე, რომელიც ლეგალური სტატუსის არმქონე შრომითი მიგრანტების ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება და ისაუბრა აღნიშნული მიმართულებით ქ. ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიის“ მრავალმხრივ გამოცდილებაზე. ავთანდილ მიქაბერიძემ ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე სახელმწიფო ვერ გაუმკლავდება ყველა პრობლემას; ამიტომ, მნიშვნელოვანია, როგორც დიასპორულმა ორგანიზაციებმა, ისე ემიგრანტებმა იფიქრონ იმაზეც, თუ როგორ გამოადგნენ ქვეყანას.
ორგანიზაცია CGIL-ის წარმომადგენელმა, ჩვენმა თანამემამულემ იტალიიდან, ქეთევან ლომთათიძემ, ჯგუფის წევრებს გააცნო ემიგრანტთა წინაშე არსებული პრობლემები და ამოცანები, რომელიც მათი უფლებების დაცვას უკავშირდება; განსაკუთრებულად გაესვა ხაზი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღიარების პრობლემას. ყურადღება გამახვილდა ისეთ შემთხვევებზე, როცა, ენისა თუ ადგილობრივი კანონის არცოდნის გამო, ჩვენს თანამემამულეებს უწევთ, ხელი მოაწერონ დისკრიმინაციულ შრომით ხელშეკრულებებს, რომელიც სრულიად უგულებელყოფს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით გათვალიწინებულ უფლებებს. აღინიშნა მიგრანტთა ჯანდაცვის თვალსაზრისით არსებული პრობლემებიც, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში, როცა არალეგალი მიგრანტები, ერთი მხრივ – ხარჯების, ხოლო მეორე მხრივ – იდენტიფიცირებისა და დეპორტაციის შიშით, ერიდებიან მიმართვას ჰოსპიტალში, მაშინ, როცა ადგილობრივი კანონმდებლობით მათი ჯანდაცვის მომსახურებას სახელმწიფო უზრუნველყოფს, ხოლო პაციენტთა ანონიმურობა გარანტირებულია იტალიის კონსტიტუციის 32-ე მუხლით. ასევე, ხაზი გაესვა ემიგრანტთა რაოდენობის აღრიცხვისა და მათი მოძრაობის შესახებ სტატისტიკის თვალსაზრისით არსებულ სავალალო სიტუაციასაც. ქეთევან ლომთათიძის მიერ კიდევ ერთხელ დაისვა საკითხი ორმაგი მოქალაქეობის შემოღების აუცილებლობის შესახებ.
საინტერესო მოხსენებით წარსდგა „სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება – გეორგიას“ პრეზიდენტი, ბესო შამუგია, რომელმაც, უპირველეს ყოვლისა, ხაზი გაუსვა იმ პოზიტიურ შედეგს, რომელიც მოჰყვა 2010 წელს უკრაინის თექვსმეტ ოლქში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების გაერთიანებას; მან მსმენელებს გააცნო მრავალმხრივი საქმიანობა, რომელსაც ორგანიზაცია ახორციელებს; ისაუბრა პრობლემებზე, რომელიც დიასპორულ ორგანიზაციებს ხელს უშლის განვითარებაში და საგანგებოდ გამოყო სამომავლო პრიორიტეტები, მათ შორის – ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების შემუშავების აუცილებლობა ენისა და კულტურის სფეროში უკრაინის ქართველი მოქალაქეების მიერ ეროვნული იდენტობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით; თანამშრომლობა უფლებადამცავ, საინფორმაციო და პოლიტიკურ სამსახურებთან ჩვენი თანამემამულეების უფლებების დაცვის მიზნით; საქართველოსთან სოციალურ-ეკონომიკური კავშირების განმტკიცება და განვითარება; სახალხო დიპლომატიის როლის გაძლიერება საქართველოსა და უკრაინის ხალხთა, საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და სხვა სამოქალაქო ინსტიტუტებს შორის ურთიერთობებში; ახალგაზრდებთან მუშაობის პრინციპების შემუშავება და მათი მხარდაჭერა. ბესო შამუგიამ აღნიშნა, რომ სასურველია, საქართველოშიც მოიკიდოს ფეხი საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მუშაობის ცივილიზებულ სამყაროში შემუშავებულმა პრინციპმა გრანტის საშუალებით პროექტების დაფინანსების შესახებ, ვინაიდან კონკრეტული მნიშვნელოვანი ინიციატივების დაფინანსება ხელს შეუწყობს დიასპორული ორგანიზაციების როლის გაძლიერებასა და საქართველოს პოპულარიზაციას უცხოეთში.
„ბერლინის ქართული სახლის ხელმძღვანელმა, თამარ შალამბერიძემ მადლობა გადაუხადა როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, ისე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, გელა დუმბაძესა და საქართველოს მთავრობას უცხოეთში დაღუპული ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში გადმოსვენების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებისათვის; ასევე, მან თემატური ჯგუფის წევრებს გააცნო მოდელები, რომელიც უცხოეთში მოქმედებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდასაჭერად.
მოსკოვში მოქმედი ფედერალური ქართული ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის პრეზიდენტმა, გია წურწუმიამ წამოჭრა საკითხები, რომელთა გადაჭრაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართული დიასპორისათვის რუსეთის ფედერაციაში, არამედ იქ მცხოვრები ოსი და აფხაზი ხალხებისთვისაც; ხაზი გაესვა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სამთავრობო დონეზე შეხვედრების, აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის, ორმაგი მოქალაქეობის შემოღებისა და საქართველოში მიმდინარე განვითარების პროცესზე მეტი ინფორმაციის რუსულ ენაზე გავრცელების აუცილებლობას. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ასევე მნიშვნელოვანია, ქართველები, მთელი მსოფლიოს მაშტაბით, შეთანხმდნენ იმაზე, თუ ჩვენ, როგორც ერი, რას ვაკეთებთ, რათა ქართველობა შეინარჩუნოს ჩვენმა მრავალრიცხოვანმა დიასპორამ.
ამაღელვებელი იყო ომარ ფარუქ დემირთაშის მოხსენება, რომელმაც თემატური ჯგუფის წევრებს გააცნო როგორც ორგანიზაციის მიერ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით გაწეული საქმიანობა, ისე თურქეთის ქართული დიასპორის წარმომადგენელთა მიერ საქართველოში განხორციელებული საინვესტიციო პროექტები; მან, ასევე, ისაუბრა ჩვენი თანამემამულეების წარმატებების შესახებ თურქეთში და აღნიშნა ისიც, რომ მთაში კომპაქტურად ცხოვრების პირობებში, თურქეთის ქართველობამ 140 წლის მანძილზე შეძლო ქართული ენისა და კულტურის შენარჩუნება, თუმცა, სადღეისოდ, ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებულმა შიდა მიგრაციამ და ურბანიზაციამ, მომავალი თაობების მიერ მშობლიური ენის ცოდნასა და შენახვას საფრთხე შეუქმნა.
ჯგუფის წინაშე საინტერესო მოხსენებით წარსდგა ესპანეთის ქალაქ მარბეას „ქართული კულტურის ცენტრ „ევროჯორჯიას“ პრეზიდენტი, ნათია მიქავა მან ისაუბრა ორგანიზაციის მიერ გაწეული მრავალმხრივი საქმიანობის შესახებ და კოლეგებს გააცნო არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორც ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს ცნობადობის ზრდის, ისე – ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.
მომხსენებელთა გამოსვლები გაგრძელდა დისკუსიით, სადაც ყველა მსურველს მიეცა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. დაისახა სამომავლო საქმიანობის ორიენტირები. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაალ სარაჯიშვილმა, რომელიც ჯგუფის საქმიანობას უძღვებოდა, წარმატებით შეძლო, შეექმნა სათანადო გარემო ნაყოფიერი მუშაობის, აზრთა გულწრფელი გაზიარებისა და კონსტრუქციული დიალოგისათვის. სხდომის დასასრულს, მან სასაჩუქრე პაკეტებით დააჯილდოვა დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები და წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში.