გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

თემატური ჯგუფი – განათლების საკითხები დიასპორაში

თემატური ჯგუფი – განათლების საკითხები დიასპორაში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
მეორე დიასპორული პროფესიული ფორუმის ფარგლებში მუშაობა წარმართა კიდევ ერთმა თემატურმა ჯგუფმა, რომლის საქმიანობაც ფოკუსირებული იყო განათლების საკითხებზე. ჯგუფის მუშაობას უძღვებოდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ზაალ სარაჯიშვილი, რომელმაც ჯგუფის წევრებს მოკლედ გააცნო შეხვედრის მიზნები. მსმენელთა წინაშე წარსდგა სამი მომხსენებელი. სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული ენის სწავლების საკითხებს ქართულ დიასპორაში.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ აღნიშნა, რომ ქართული ენის დაცვა და შენარჩუნება, არა მხოლოდ ქართულ დიასპორაში, არამედ თავად ქვეყანაში, ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად უნდა იქცეს, ვინაიდან თუ დროულად არ ვიზრუნეთ, ქართულენოვან ბაზაზე განვავითაროთ ტექნოლოგიები, შესაძლოა, ძალიან მალე ქართული აღარ იყოს კულტურისა და განათლების ენა საქართველოში. რაც შეეხება ქართული ენის სწავლებას ჩვენი თანამემამულე ბავშვებისათვის უცხოეთში, ამ სფეროშიც უამრავი ხელისშემშლელი გარემოებაა, მათ შორის – სწავლების ზოგადი კონცეფციის, სათანადო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების არარსებობა, კადრების ნაკლებობა;
ევროპული სკოლის პედაგოგმა, ორგანიზაცია „განათლება და ახალი ტექნოლოგიების“ პრეზიდენტმა, მანანა შეყილაძემ ისაუბრა ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე სასწავლო პროცესში, ჯგუფის წევრებს მოუთხრო ამ მიმართულებით Microsoft-ის საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობის შესახებ და წარუდგინა მათ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ეგიდით შემუშავებული „ონლაინ სკოლის“ პრეზენტაცია, განმარტა პროგრამის მიზნები და მეთოდიკა. მომხსენებელმა, ასევე, აღნიშნა, რომ დღის წესრიგში დგება თანამედროვე ტექნოლოგიებში პედაგოგთა სათანადო კვალიფიცირების აუცილებლობა, ვინაიდან, თანამედროვე მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასწავლო ტექნოლოგიები სწორედ პედაგოგებმა უნდა დაუკვეთონ.
ჯგუფის წინაშე მოხსენებით წარსდგა ჯეფრი გოსბი, უორდროპების ფონდის სტიპენდიანტი, რომელიც დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდის უნივერსიტეტში ეუფლება ქართულ ენას ჩვენს თანამემამულესთან – ლიკა ჩოკოშვილთან, რომელმაც გასულ წელს მონაწილეობა მიიღო პირველ დიასპორულ პროფესიულ ფორუმში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა წარმომადგენლებისა და ხელოვნების მოღვაწეთა სამუშაო ჯგუფში. ჯეფრი გოსბიმ ისაუბრა ქართული ენის შესწავლის საკუთარ გამოცდილებასა და იმ მეთოდიკაზე, რომელი მეთოდიკითაც სწავლობენ უცხოელი სტუდენტები ქართულ ენას ოქსფორდის უნივერსიტეტში.
მომხსენებელთა გამოსვლები გაგრძელდა დისკუსიით, სადაც ყველა მსურველს მიეცა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. თემატური ჯგუფის წევრებმა მადლობა გადაუხადეს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს, ზაალ სარაჯიშვილს პროფესიული დიასპორული ფორუმის მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის; თავის მხრივ, ზაალ სარაჯიშვილმა, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახელით, ჩვენს თანამემამულეებს ყოველმხრივი მხარდაჭერა აღუთქვა შემდგომ საქმიანობაში.