გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა მედეა მეტრეველთან

შეხვედრა მედეა მეტრეველთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ შეხვედრა გამართა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორთან – მედეა მეტრეველთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და, ზოგადად, ქართული დიასპორის მონაწილეობა სამზადისში, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობასთან დაკავშირებით.
ფრანკფურტის ბაზრობა უდიდესი წიგნის ბაზრობაა მსოფლიოში, რომელსაც 500 წლიანი ისტორია აქვს. მასში ყოველწლიურად ათასობით გამომცემელი, წიგნით მოვაჭრე და ლიტერატურული აგენტი მონაწილეობს.  ბაზრობის მიმდინარეობის 5 დღის განმავლობაში, 100-მდე ქვეყნის 7000-ზე მეტ მონაწილეს ეძლევა საშუალება, წარდგნენ 300 0000-მდე ვიზიტორის წინაშე, შეხვდნენ საერთაშორისო პარტნიორებს, განახორციელონ ეროვნული ლიტერატურის პოპულარიზაცია, დაამყარონ და განავითარონ საქმიანი ურთიერთობები.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობას საქართველოსათვის უდიდესი კულტურული მნიშვნელობა აქვს. დამთვალიერებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეცნობიან არა მხოლოდ იქ წარმოდგენილ გამოცემებს, მათ ავტორებს, ქვეყნის ლიტერატურასა და საგამომცემლო ინდუსტრიას, არამედ მის  კულტურასა და ისტორიასაც. შესაბამისად, საქართველოს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, მთელი გერმანიის მასშტაბით წარმოაჩინოს თავისი კულტურული და ინტელექტუალური რესურსი.
როგორც ეს გერმანიის კანცლერმა – ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა ბევრ გერმანელს მისცემს საშუალებას, უკეთ გაიცნოს ქართული კულტურა და ქართველი მწერლები, რაც თავისთავად გააღრმავებს ქართულ-გერმანულ კულტურულ ურთიერთობებსაც.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, მედეა მეტრეველის ხელმძღვანელობით აქტიურად მუშაობს საპატიო სტუმარი ქვეყნის როგორც ლიტერატურული, ასევე კულტურული პროგრამის დაგეგმვა-განხორციელებაზე. მიმდინარეობს ქართული ლიტერატურის გერმანულ ენაზე თარგმნისა და გერმანულენოვან ქვეყნებში გამოცემის პროცესი; სისტემატურად იმართება თანამედროვე მწერლების ლიტერატურული ტურები გერმანიაში; პროგრამის დაგეგმვის მიზნით, თბილისს სტუმრობენ გერმანიის წამყვანი გამომცემლობების, მუზეუმებისა და სახელოვნებო ცენტრების ხელმძღვანელები, გერმანელი ჟურნალისტები და ლიტერატურის კრიტიკოსები.
შეხვედრის დასასრულს გელა დუმბაძემ მადლობა გადაუხადა მედეა მეტრეველს ვიზიტისათვის და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატი აქტიურად ჩაერთვება აღნიშნული ღონისძიების სამზადისში. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ქართული დიასპორის წარმომადგენლები ნაყოფიერად მონაწილეობენ ქართული ლიტერატურის გერმანულ ენაზე თარგმნის პროცესში და გამოთქვა რწმენა, რომ გერმანიის ფედაერაციულ რესპუბლიკაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს საორგანიზაციო ჯგუფს, რათა საქართველომ ეფექტურად გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ღირსეულად წარსდგეს საერთაშორისო მკითხველის წინაშე.