გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ნიკოლოზ გაგუასთან და მარკ ივანოვსკისთან

შეხვედრა ნიკოლოზ გაგუასთან და მარკ ივანოვსკისთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

22 აგვისტოს საქართველოს პირველ ტექნოლოგიურ პარკში შედგა პროექტის – „დიასპორული სტაჟირება 2016”-ის მონაწილეთა შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის მოადგილესთან – ნიკოლოზ გაგუასთან. ნიკოლოზ გაგუამ სტუდენტებს გააცნო ეკონომოკური ზრდის მაჩვენებლები, ესაუბრა საქართველოში მოქმედი ეკონომიკური პროგრამების შესახებ და ინფორმაცია მიაწოდა სამომავლოდ დაგეგმილ რეფორმებზე.
საუბარი შეეხო 4 პუნქტიან რეფორმას, ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო პროგრამაზე – „აწარმოე საქართველოში“, საპენსიო რეფორმასა და  ბიზნესის ხელშეწყობის მექანიზმებზე საქართველოში. ნიკოლოზ გაგუა სტუდენტებს ესაუბრა საქართველოს მაკროეკონომიკური განვითარების ძირითად მიმართულებებზე და ყურადღება გაამახვილა ბოლო წლებში გატარებულ მნიშვნელოვან სტრუქტურულ რეფორმებზე.
შეხვედრაში მონაწილეობდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ კასრაძე. მან სტუმრებს განუმარტა ტექნოპარკის ძირითადი მიზნები და ფუნქციები და აღნიშნა, რომ ტექნოპარკი ქართველ ახალგაზრდებს მათი ინოვაციური იდეებს რეალიზაციაში ეხმარება. ავთანდილ კასრაძემ სტუდენტებს წარუდგინა მარკ ივანოვსკი, MDI & Associates-ის დამფუძნებელი, ინვესტორი Silicon Valley-დან, რომელიც დაახლოებით 500 წამყვან კომპანიაში იკავებდა აღმასრულებელი მენეჯერის პოზიციას. გარდა ამისა, იგი მენტორობდა წარმატებულ სტარტაპებს Silicon Valley-ზე. „დიასპორულ სტაჟირებაში“ მონაწილე სტუდენტებს შეხვედრის ფარგლებში ჰქონდათ შესაძლებლობა, გაეზიარებინათ საერთაშორისო გამოცდილება და კითხვები დაესვათ მარკ ივანოვსკისათვის, რომელმაც სტუდენტებს „სტარტაპის“ პროგრამებში მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდა.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი,  საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანებასთან“ პარტნიორობით, უკვე მეოთხე წელია, ახორციელებს დიასპორული სტაჟირების პროგრამას. პროგრამაში მონაწილე სტუდენტები სტაჟირებას გადიან სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სექტორში.