გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვერდა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან დიდ ბრიტანეთში

შეხვერდა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან დიდ ბრიტანეთში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა – გელა დუმბაძემ, დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 4 სექტემბერს ლონდონის მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძარში შეხვედრა გამართა ჩვენს თანამემამულეებთან.
შეხვედრის დაწყებამდე იგი დაესწრო წირვას, რომელსაც ლონდონის მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძარში, ტრადიციულად, ქართულ ენაზე აღავლენს ტაძრის წინამძღოლი – მამა დოროთე (ბარბაქაძე).
სახელმწიფო მინისტრის შეხვედრას ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში – თამარ ბერუჩაშვილი.
გელა დუმბაძემ შეხვედრის მონაწილეებს მოუთხრო დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის შესახებ, ესაუბრა პროექტებზე, რომელსაც ამჟამად ახორციელებს აპარატი, გააცნო მათ სამომავლო ამოცანები. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა დიასპორის როლზე ქვეყნის განვითარებაში და საგანგებოდ გაუსვა ხაზი უცხოეთში შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების თანამემამულეთათვის გაზიარების აუცილებლობას.
თავის მხრივ, ჩვენმა თანამემამულეებმა გელა დუმბაძეს გააცნეს  დიდი ბრიტანეთის ქართული დიასპორის წინაშე არსებული პრობლემები. საუბარი შეეხო განათლების საკითხებსა და ახალგაზრდული პროექტების  მხარდაჭერის მნიშვნელობას.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მოინახულა ლონდონის მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძართან არსებული ქართული საკვირაო სკოლა, ესაუბრა სკოლის პედაგოგებს და გადასცა მათ სასწავლო მასალები და მხატვრული ლიტერატურა.