გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა დიდ ბრიტანეთში მოღვაწე თანამემამულეებთან

შეხვედრა დიდ ბრიტანეთში მოღვაწე თანამემამულეებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

5 სექტემბერს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა – გელა დუმბაძემ შეხვედრა გამართა დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ჩვენს თანამემამულეებთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე ირინა სარაჯიშვილი, ქ. ლონდონის გაერთიანებული სამეფოს პირველი ქართული სკოლის ხელმძღვანელი ლიანა გოგრიჭიანი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი თამარ დრაგაძე, ექიმი ოთარ ლაზარიაშვილი, პოეტი ხათუნა შავგულიძე და სხვები. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო უორდროპების ფონდის სტიპენდიანტმა – ჯეფრი გოსბიმ, რომელიც დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდის უნივერსიტეტში პედაგოგ ლიკა ჩოკოშვილის ხელმძღვანელობით ეუფლება ქართულ ენას.
სახელმწიფო მინისტრის შეხვედრას ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში – თამარ ბერუჩაშვილი.
გელა დუმბაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა, ესაუბრა პროექტებზე, რომელსაც ამჟამად ახორციელებს აპარატი. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა დიასპორის როლზე ქვეყნის განვითარებაში და საგანგებოდ გაუსვა ხაზი უცხოეთში შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების თანამემამულეთათვის გაზიარების მნიშვნელობას. შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს ლევილის შატოს მამულის საქართველოსათვის გადმოცემის პროცესის მიმდინარეობის მიმართ. სახელმწიფო მინისტრმა უპასუხა ჩვენი თანამემამულეების შეკითხვებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან და ქვეყანაში მოქმედ ეკონომიკურ პროგრამებთან დაკავშირებით.
დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველებმა გელა დუმბაძეს გააცნეს დიდი ბრიტანეთის ქართული დიასპორის წინაშე არსებული პრობლემები. საუბარი შეეხო განათლების საკითხებსა და ახალგაზრდული პროექტების მხარდაჭერის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ ქართველი ემიგრანტებისათვის ძალიან დიდი მხარდაჭერა იქნება იმგვარი ჰუმანიტარული პროექტის განხორციელება დიდ ბრიტანეთში, როგორიც იყო ქართველ ექიმთა კონსულტაციები საბერძნეთსა და იტალიაში.