გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ოქსფორდის უნივერსიტეტის ციფრული დიპლომატიის კვლევის ჯგუფთან

შეხვედრა ოქსფორდის უნივერსიტეტის ციფრული დიპლომატიის კვლევის ჯგუფთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 6 სექტემბერს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა – გელა დუმბაძემ ლონდონში, საქართველოს საელჩოში შეხვედრა გამართა ოქსფორდის უნივერსიტეტის ციფრული დიპლომატიის კვლევის ჯგუფთან, კერძოდ – პროფესორ კორნელიუ ბიოლასთან და ილან მანორთან. შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში – თამარ ბერუჩაშვილი და ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთში – ირინე სარაჯიშვილი.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს სტრატეგიული კომუნიკაციისა და ციფრული დიპლომატიის ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობაზე თანამედროვე დიპლომატიაში. ციფრული დიპლომატიის კვლევის ჯგუფმა წარმოადგინა პრეზენტაცია  დიასპორასთან ინტერნეტკომუნიკაციის მეთოდებზე.
გელა დუმბაძემ აღნიშნა, რომ დიასპორის საკითხეში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავებისა და დიასპორასთან მუდმივი და მრავალმხრივი კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად, ცდილობს, ეფექტურად გამოიყენოს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. მან ისაუბრა თანამემამულეთა გლობალური ქსელის (tanamemamule.ge) შესახებ, რომელიც, გარდა იმისა, რომ მიზნად ისახავს, ერთმანეთთან დააკავშიროს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები, დიასპორული ორგანიზაციები, დიასპორასთან ურთიერთობით დაინტერესებული პირები და საქართველოს სამთავრობო დაწესებულებები, საშუალებას აძლევს ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, ისარგებლონ „ონლაინ“ სერვისებით. ასევე, სახელმწიფო მინისტრმა საელჩოში მოწვეულ სტუმრებს გააცნო „ონლაინ“ სკოლის პროექტი.
ოქსფორდის უნივერსიტეტის ციფრული დიპლომატიის კვლევის ჯგუფი წარმოადგენს აკადემიური თანამშრომლობის პროექტს, რომლის მიზანია, ერთმანეთთან დააახლოოს აკადემიური და პრაქტიკული ცოდნა ციფრული დიპლომატიის სფეროში.