გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სტუმრად გაერთიანებული სამეფოს პირველ ქართულ სკოლაში

სტუმრად გაერთიანებული სამეფოს პირველ ქართულ სკოლაში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

6 სექტემბერს, დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა – გელა დუმბაძემ მოინახულა ქ. ლონდონში მოქმედი გაერთიანებული სამეფოს პირველი ქართული სკოლა და დაესწრო ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას.
ქართულ სკოლაში, რომელიც უკვე ოცი წელია, ქალბატონ ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანის ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს დიდ ბრიტანეთში, გელა დუმბაძეს გულთბილი შეხვედრა მოუწყეს. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში – თამარ ბერუჩაშვილი, საელჩოს სხვა თანამშრომლები, მოსწავლეთა მშობლები.
სახელმწიფო მინისტრმა სიტყვით მიმართა შეხვედრის მონაწილეებს; მან ისაუბრა უცხოეთის ქართული დიასპორის მიერ ქართული ენისა და კულტურული იდენტობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე და ქართული საკვირაო სკოლის ხელმძღვანელს – ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანს მადლობა გადაუხადა ამ მიმართულებით გაწეული თავდადებული მოღვაწეობისათვის.
ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეს – 7 წლის გიორგი ყვავაძეს გელა დუმბაძემ საპატიო სიგელი გადასცა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პროექტში – „გადაწერე ვეფხისტყაოსნის ერთი სტროფი“ -მონაწილეობისათვის, სადაც იგი ნომინირებული იქნა „ხელნაწერის აპლიკაციით გაფორმებისათვის“. ასევე, გიორგი ყვავაძეს საჩუქრად გადაეცა „ვეფხისტყაოსნის“ აუდიოგამოცემა და წიგნი „საქართველოს საოცრებანი“. სასკოლო ღონისძიებაზე სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე – 11 წლის მარიამ ქევხიშვილი, 9 წლის ნია გოგია – სასკოლო კონკურსის – „ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“ – გამარჯვებული და 10 წლის გიგი გოგია, რომელიც მიმდინარე წლიდან ჩარიცხულია West Hem United-ის საფეხბურთო აკადემიაში.
ჯილდო მიიღო გელა დუმბაძემაც: გაერთიანებული სამეფოს პირველი ქართული საკვირაო სკოლის ხელმძღვანელმა – ქალბატონმა ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანმა იგი საპატიო სიგელით დააჯილდოვა უცხოეთში მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და მათი მხარდაჭერის მიზნით გაწეული ღვაწლისათვის.