გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სტუდენტური სტაჟირება

სტუდენტური სტაჟირება

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მოვალეობაა საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ახალგაზრდებზე ზრუნვა, მათთან აქტიური კომუნიკაცია და მათი თვითმყოფადობის შენარჩუნება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპარატმა, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანებასთან“ ერთად შეიმუშავა პროექტი „სტუდენტური სტაჟირება“.
პროექტი მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნიდან გადინებული ინტელექტუალური რესურსის შესწავლას, მოზიდვასა და მათ პროფესიულ ინტეგრირებას შესაბამისი პროფილის სამინისტროებში. ამით პროექტი ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ, არ დაიკარგოს მათი ცოდნა და გამოცდილება საქართველოსთვის, ხოლო მეორეს მხრივ, მათი სამშობლოში დაბრუნება გახდეს ბევრად უფრო მიმზიდველი. „სტუდენტური სტაჟირების“ მეშვეობით, ქართველ ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება, თავიანთი ცოდნა და პროფესიული გამოცდილება გაუზიარონ და მოახმარონ თავიანთი ქვეყნის კეთილდღეობასა და განვითარებას, აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში. სტუდენტებს აღნიშნული პროექტის მეშვეობით მიეცემათ საშუალება აიმაღლონ კვალიფიკაცია პროფესიული კუთხით და გაეცნონ საქართველოს საჯარო სამსახურებში მუშაობის სპეციფიკას.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა შექმნა საზღვარგარეთ მყოფი ქართველი სტუდენტების ერთიანი ინტელექტუალური ბაზა, სადაც მსოფლიოს სხავდასხვა ქვეყანაში მოსწავლე 500 ახალგაზრდაა გაერთიანებული. სტუდენტებს დაეგზავნებათ „სტუდენტური სტაჟირების“ პირობები, რომლის მიხედვითაც მათ, თავიანთი პროფესიიდან გამომდინარე შეეძლებათ შესაბამის სამინისტროში გაიარონ 1 თვიანი სტაჟირება. პარლამენტის საჯარო ბიბლიოთეკაში მათთვის 1 თვის მანძილზე მომზადდება საჯარო ლექციები სხვადასხვა აქტუალურ თემებზე. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს მიეცემათ საშუალება მოისმინონ აღმასრულებელი და საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლების ლექციები. სტაჟირების დასრულების შემდეგ, სტუდენტებს გადაეცემათ სპეციალური სერტიფიკატები.
„სტუდენტური სტაჟირების“ პროგრამას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციასთან – „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანებასთან” ერთად უკვე მეოთხე წელია ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ამერიკისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან 50-მდე სტუდენტმა უკვე გაიარა პრაქტიკა საქართველოს სხვადასხვა ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებში.
სტაჟირების ფარგლებში ლექციები ჩაატარეს საქართველოს აღმასრულებელი და საპარლამენტო ხელისუფლებების წარმომადგენლებმა. ლექციებმა სტუდენტებში დიდი დაინტერესება გამოიწვია და, შესაბამისად, შეხვედრები ინტერაქტიულ რეჟიმში წარმოებდა
20163
  2015-3    2014-3      2013-3