გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრეს-ცენტრის განცხადება ოთარ ზურაბიშვილის წერილთან დაკავშირებით

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრეს-ცენტრის განცხადება ოთარ ზურაბიშვილის წერილთან დაკავშირებით

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საფრანგეთში დევნილობაში მყოფი საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის მიერ სახელმწიფო სახსრებით შეძენილი მამულის საქართველოსათვის დაბრუნება, ფორმალური მფლობელების ანდერძის აღსრულებასთან ერთად,  ქართველი ხალხის ნება და სახელმწიფო ინტერესია. ისტორიული დავალების შესრულება საქართველოს  მთავრობის ვალდებულებაა და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით შექმნილი პარიტეტული კომისია ძალიან ახლოსაა პროცედურის წარმატებით დასრულებასთან.
ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემას, როგორც ამას ბატონი ოთარ ზურაბიშვილი აღნიშნავს, „საქართველო ელოდება თავისი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან“. აქედან გამომდინარე ლოგიკურია გაკვირვება ბატონი ოთარის მიერ წერილში გამოხატულ შემდეგ პოზიციასთან დაკავშირებით: „ყველა შესაძლო ფორმით, მოვახდენ მის დენონსირებას“. ერთი მხრივ, ადეკვატურია ლევილის მამულის გადმოცემის მნიშვნელობის აღიარება, ხოლო მეორე მხრივ, გაუგებარია ამ პროცესისათვის „ყველა შესაძლო ფორმით“ ხელის შეშლის სურვილი.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ლევილის მამულისათვის ისტორიული და კულტურული პროფილის შენარჩუნებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელება, რომელიც მოემსახურება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიული მნიშვნელობის კვლევას, მისი წარმომადგენლების საქმიანობის პოპულარიზაციას, საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენას თანამედროვე მსოფლიოს წინაშე, ქართულ-ფრანგული ურთიერთობების განმტკიცებასა და საქართველოს ევროპული არჩევანის რეალიზაციის ხელშეწყობას.
პროცესის საჯაროობასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ, პროცესის მიმდინარეობის კვალდაკვალ, მამულის გადმოცემის საკითხზე სამჯერ გაიმართა ღია საკომიტეტო მოსმენა საქართველოს პარლამენტში, იყო განხილვები დიასპორასთან შეხვედრებზე, როგორც პარიზში, ისე – 20-მდე სხვა ქვეყანაში; მამულის სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის შემდეგ კი მმართველ საბჭოში საფრანგეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორას 2 წარმომადგენელი ეყოლება. აქვე მივმართავთ ყველა დაინტერესებულ პირს, რომ ღია ვართ შესაბამისი ფორმის საქმიანი თანამშრომლობისათვის.
მივმართავთ თხოვნით საქართველოს ყველა კეთილმოსურნეს, რომ გამოვიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე და ერთად მივიყვანოთ ისტორიული საქმე საბოლოო გამარჯვებამდე.