გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა საქართველოს ახალგაზრდა ელჩებთან

შეხვედრა საქართველოს ახალგაზრდა ელჩებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა – გელა დუმბაძემ შეხვედრა გამართა საქართველოს ახალგაზრდა ელჩებთან. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე.
სტუმრებმა სახელმწიფო მინისტრსა და მინისტრის მოადგილეს გააცნეს მათ მიერ განხორციელებული პროექტები და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები. როგორც საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა – ქეთი ფრანგულაიშვილმა აღნიშნა, იგი კრაკოვის პედაგოგიკის უნივერსიტეტში გეგმავს „ქართული დღის“ ჩატარებას. „ეს იქნება გრანდიოზული ღონისძიება, რომელიც ოქტომბრის თვეში მოეწყობა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ქართული ცეკვა და მუსიკა; სტუმრებს შესთავაზებენ ქართულ ღვინოს; გაიმართება საჯარო ლექცია საქართველოს შესახებ, რომელსაც ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე დაესწრება ყველა დაინტერესებული პირი,“ – განაცხადა ახალგაზრდა ელჩმა. გარდა ამისა, პედაგოგიკის ინსტიტუტში მისი ინიციატივით ფუნქციონირებას დაიწყებს ქართული ენის ინტენსიური კურსი, რომელსაც ქეთი ფრანგულაიშვილი თავად წაუძღვება. იანა მაისურაძე, ახალგაზრდა ელჩი ბელგიის სამეფოში, გეგმავს, მოაწყოს ქართველ სტუდენტთა ვიზიტი ნატოს შტაბ-ბინაში, ბრიუსელში. საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა თურქეთში – სოფო წკრიალაშვილმა გამოთქვა სურვილი, თანამემამულეებს გააცნოს თურქეთის რესპუბლიკის მოწინავე გამოცდილება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე მზრუნველობის საკითხებში და ამ მიზნით პრეზენტაციით წარდგეს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე. სახელმწიფო მინისტრმა სოფო წკრიალაშვილს დახმარება აღუთქვა შეხვედრის ორგანიზებაში.
გელა დუმბაძე ახალგაზრდა ელჩებს ესაუბრა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობასა და პრიორიტეტულ სამუშაო მიმართულებებზე, მოუთხრო მათ იმ პროექტების შესახებ, რომლებზეც ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა და მათთვის საინტერესო საკითხებზე თანამშრომლობა შესთავაზა.