გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ლევილი საქართველოს უბრუნდება

ლევილი საქართველოს უბრუნდება

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დღეს, საფრანგეთის დროით 15:30 საათზე (საქართველოს დროით 17:30 საათზე), საფრანგეთის რესპუბლიკაში, დაბა ლევილის ტერიტორიაზე ხელი მოეწერება ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს, რითაც დასრულდება 25 წლიანი ისტორიული პროცესი და მამული მის კანონიერ მემკვიდრეს, ქართველ ხალხს დაუბრუნდება.
პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 000 კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე მოაწერს, ხოლო ფრანგული მხარიდან აქტზე ხელმომწერნი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობის წევრთა ოჯახების წარმომადგენლები იქნებიან.
ისტორიული აქტის ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში – ეკატერინე სირაძე-დელონე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საფრანგეთში – გოჩა ჯავახიშვილი, ქ. ლევილის მერიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის პროცესი 25 წელია, მიმდინარეობს.  მასში სხვადასხვა დროს უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მამულის გადმოცემის მიზნით შექმნილმა სპეციალურმა პარიტეტულმა კომისიამ 2014 წლიდან განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო მუშაობა და ეს პროცესი ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტის ხელმოწერამდე მიიყვანა, რომელიც 23 სექტემბერს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ლევილის მამულში საზეიმოდ  გაფორმდება.