გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

კონფერენცია “გზა ლევილისკენ – წარსული, აწმყო, მომავალი”

კონფერენცია “გზა ლევილისკენ – წარსული, აწმყო, მომავალი”

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

29 სექტემბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში ჩატარდა კონფერენცია თემაზე – “გზა ლევილისკენ – წარსული, აწმყო, მომავალი”.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთობლივი კონფერენცია ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის პროცესის დასრულებას მიეძღვნა.
კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტიმა – აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა ლევილის ქართული მამულის ისტორია, ისაუბრა მისი გადმოცემის რთულ და ხანგრძლივ პროცესზე, რომელიც, ბოლო წლებში განხორციელებული თანამიმდევრული და კონსტრუქციული მოლაპარაკებების შედეგად, წარმატებით დასრულდა 2016 წლის 23 სექტემბერს, როდესაც სოფელ ლევილში საზეიმო ვითარებაში მოეწერა ხელი მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა – გელა დუმბაძემ და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა – თეა წულუკიანმა ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის მიზნით შექმნილი პარიტეტული კომისიის მუშაობის ანგარიში წარუდგინეს საქართველოს აკადემიურ წრეებსა და ფართო საზოგადოებას.
კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ”ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტის“ რექტორი სერგო ვარდოსანიძე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები, სტუდენტები და პედაგოგები.
შეხვედრა მეტად საინტერესოდ წარიმართა. გამომსვლელებმა უარღესად მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მიერ გაწეულ მუშაობას, რომლის შედეგადაც საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაიწერა. კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, მადლობის წერილით მიმართონ მამულის სამართლებრივ მემკვიდრეებს, რომლებმაც ღირსეულად აღასრულეს ჩვენი საერთო წინაპრების ანდერძი, დაიცვეს ლევილის ქართული მამული და იგი მის ჭეშმარიტ მესაკუთრეს – ქართველ ხალხს დაუბრუნეს.