გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სამძიმრის წერილი

სამძიმრის წერილი

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საქართველომ, ქართულმა ემიგრაციამ, თურქეთის ქართველობამ უდიდესი დანაკლისი განიცადა, გარდაიცვალა ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წამომადგენელი, ბიზნესმენი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს დიდი პატრიოტი, სტამბოლის ქართული კათოლიკური ეკლესიის მესვეური, მრავალი კეთილი საქმის შემოქმედი, სიმონ ზაზაძე.
სიმონ ზაზაძე დაიბადა თურქეთში მოღვაწე ქართველი მეცენატის, პავლე ზაზაძის ოჯახში. ევროპასა და ამერიკაში განათლება მიღებული, ბატონი სიმონი გახლდათ მსოფლიო მნიშვნელობის ბიზნესმენი, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჰქონდა წარმატებული საწარმოები. თავისი ძირითადი საქმიანობის გარდა, ბატონი სიმონი ფინანსურად ეხმარებოდა საზღვარგარეთ გამომავალ პერიოდულ გამოცემებს, სტამბოლში გამომავალ ჟურნალებს – “ფიროსმანი” და ჩვენებური”.
სიმონ ზაზაძე გახლდათ სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა ეკლესიისა და მონასტრის ნამდვილი პატრონი, რომელიც წლების მანძილზე მეურვეობდა სტამბოლის ქართველთა კერას, რითიც საქართველოსთვის უძვირფასესი კულტურული მემკვიდრეობა შემოგვინახა.  მან დიდი ამაგი დასდო სტამბოლის ქართული სავანის შენარჩუნებას და სიკვდილამდე დარაჯობდა ქართველთა კერას. ვატიკანმა სიმონ ზაზაძის ღვაწლი სათანადოდ შეაფასა და მას ვატიკანის “კომანდატორის” წოდება მიანიჭა.
სიმონ ზაზაძე დიდი ინტერესით ადევნებდა თვალყურს საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ პროცესებს. ზაზაძეების ოჯახის დაინტერესებით მოხერხდა თბილისში კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში კარდიოქირურგიული კლინიკის – “ღია გულის” გახსნა.
2006 წელს, თავის ისტორიულ სამშობლოში სტუმრობისას, ახალციხის უნივერსიტეტმა ის აირჩია საპატიო დოქტორად, ხოლო ახალციხის მხარემ – საპატიო მოქალაქედ. სიმონ ზაზაძე არჩეული იყო თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის, აგრეთვე ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორად, გახლდათ საქართველოს საპატიო მოქალაქე.
თავად ბატონი სიმონი ამბობდა – “მე ქართველი ვარ, საქართველოსთვის ვარ, ამის მეტი არაფერი ვიცი”. მართლაც საქართველოსთვის, ქართველთა მომავალი თაობისკენ იყო მიპყრობილი მისი ინტერესი და ძალისხმევა, რათა მოხუცებულობაში მყოფს შეექმნა ნიადაგი და არ დაკარგულიყო ქართველთა სავანესთან, მის უნიკალურ არქივებთან და ბიბლიოთეკასთან წვდომის შესაძლებლობა.
მე წილად მხვდა ბედნიერება პირადად გავცნობოდი ამ დიდ ადამიანს, ქველმოქმედს, უამრავი კეთილი საქმის წამომწყებს, საქართველოს დიდ მოამაგეს. დიდ გულისტკივილს გამოვხატავ ამ დიდი ქათველის გარდაცვალების გამო და ვუთანაგრძნობ მის ოჯახსა და თურქეთის ქართველობას.

გელა დუმბაძე
დიასპორის საკითხებში
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი