გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე სტოკჰოლმში

შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე სტოკჰოლმში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

7 ოქტომბერს, შვედეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის – ნათია ლორთქიფანიძის ინიციატივითა და ორგანიზებით, სტოკჰოლმის სამეფო სასახლეში არსებულ საჭურვლის მუზეუმში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა შოთა რუსთაველისა და მისი უკვდავი პოემის – „ვეფხისტყაოსნის“  წარდგენა შვედეთის საზოგადოებისათვის  და, ამასთანავე,  მათ წინაშე ქართული კულტურის, ლიტერატურისა და ეროვნული ღირებულებების სათანადოდ წარმოჩენა.
ღონისძიებაზე მიწვეული იყო “ვეფხისტყაოსნის” ბოლო ინგლისურენოვანი პოეტური თარგმანის ავტორი, ამერიკელი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი და საბას პრემიის ლაურეატი – ლინ კოფინი (Lyn Coffin).
ახალგაზრდა ელჩის – ნათია ლორთქიფანიძის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, ლინ კოფინმა, შვედ პარტნიორთან ერთად, დამსწრე საზოგადოების წინაშე ინგლისურ ენაზე განასახიერა ავთანდილისა და ასმათის შეხვედრის სცენა, რამაც მსმენელს უფრო სრულყოფილი წარმოდგენა შეუქმნა ნაწარმოების შესახებ.
ქართული კულტურისადმი გამოჩენილი ინტერესისა და “ვეფხისტყაოსნის” ინგლისურ ენაზე შესრულებული თარგმანისათვის, ლინ კოფინს, მადლიერების ნიშნად, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის –  გელა დუმბაძის  მიერ მისთვის საგანგებოდ გაგზავნილი “მადლობის სიგელი“ და ქართული ღვინო გადაეცა.
პრეზენტაციის დასრულების გაიმართა მიღება. დარბაზში ჟღერდა ქართული ხალხური სიმღერების ჩანაწერები ჰამლეტ გონაშვილის შესრულებით; გამოფენილი იყო საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერთა მე-16 და მე-17 საუკუნეების მინიატურული ილუსტრაციების ასლები, რომელიც UNESCO-ს “მსოფლიო მეხსიერების” ნუსხაშია შეტანილი.
სტუმართა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია პოემის ინგლისურენოვანმა გამოცემამ – “The Knight in the Panther Skin” (@poezia press,2015); აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გამოცემა ღონისძიების მონაწილეებმა თავად თარგმანის ავტორის – ლინ კოფინის ავტოგრაფით მიიღეს.
ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი შვედეთის სამეფოში ბატონი მალხაზ კაკაბაძე; ასევე – აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი ბატონი ადიშ მამადოვი, უკრაინის საელჩოს პირველი მოადგილე ბატონი ტარას ბუჟინსკი.
სტუმართა შორის იყვნენ შვედეთის სამეფოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, კულტურული ორგანიზაციების, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროებისა და საგამომცემლო სახლების წარმომადგენლები.
ღონისძიებას დაესწრო შვედეთში ილია ჭავჭავაძის სახელობის ქართული სათვისტომოს დამაარსებელი და ანსამბლ “ნერგების” ხელმძღვანელი ლელა კუხიანიძე.
ორგანიზატორები სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდნენ. ღონისძიების მონაწილეებს საშუალება მიეცათ, დაეგემოვნებინათ ძველი ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული ქართული ყველი, რამაც სტუმრების დიდი ინტერესი გამოიწვია.