გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სამძიმრის წერილი

სამძიმრის წერილი

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საქართველომ და საფრანგეთის ქართულმა ემიგრაციამ დიდი დანაკლისი განიცადა, გარდაიცვალა ცნობილი დიპლომატი და საზოგადო მოღვაწე, კლოდ დე კემულარია.
მთელი გულით ვუსამძიმრებ და ვუთანაგრძნობ ბატონი კლოდის ოჯახს, ახლობლებს და საფრანგეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს ამ დიდი პიროვნების გარდაცვალებას და პატივს მივაგებ მის ნათელ ხსოვნას.
კლოდ კემულარიას  სახელმწიფო, საზოგადოებრივი და დიპლომატიური მოღვაწეობის  ნუსხა ძალზე ვრცელია. ფრანგულ ყაიდაზე აღზრდილს, მუდამ ახსოვდა, რომ ქართველობა არ დავიწყებოდა. თავადაც ასე თვლიდა, რომ მისი ხასიათი და წარმატება ქართული გენიდან მოდიოდა.
კლოდ კემულარიას სხვადასხვა დროს მაღალი თანამდებობები ეკავა საფრანგეთის მთავრობაში: 1957–1961 წლებში იყო გაეროს გენმდივნის კაბინეტის წევრი, 1961 წლიდან იყო გაეროს საინფორმაციო სამსახურის დირექტორი ჟენევაში. 1960–იანის შუა წლებში მონაკოს პრინც რენიეს მრჩეველი. 1960–იანების ბოლოს მან დააფუძნა ცნობილი ბანკი “PARIBA”და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შექმნა მისი ფილიალები, რითაც საფრანგეთის ეკონომიკის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა.
1980–იანი წლების დასაწყისში კლოდ კემულარია დაუბრუნდა სახელმწიფო სამსახურს. ის გახლდათ პრეზიდენტ მიტერანის ნდობით აღჭურვილი პირი და მომლაპარაკებელი არაბულ ქვეყნებთან. კლოდ დე კემულარიას 60 წლის განმავლობაში ეკავა სხვადასხვა  საპასუხისმგებლო მაღალი თანამდებობა. 1984-87 წლებში იყო საფრანგეთის წარმომადგენელი გაეროში, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი და თავისი წვლილი შეიტანა ირანსა და ერაყს შორის ცეცხლის შეწყვეტაში. დიპლომატიური კავშირების მეშვეობით მან ჩამოაყალიბა “მონაკოს » კლუბი, სადაც მსოფლიოს მრავალი ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსი გაწევრიანდა.  კლოდ კემულარია მრავალი ორდენისა და ჯილდოს კავალერი იყო. 1979 წლიდან აყვანილია საფრანგეთის „საპატიო ლეგიონის“ რაინდის ხარისხში. 1988 წელს კი მიენიჭა „საპატიო ლეგიონის“ ოფიცრის წოდება.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო კლოდ კემულარიას 2008 წელს გამოცემული მემუარები – „ცხოვრება გაშლილი ფრთებით”, რომელიც მრავალ ენაზე ითარგმნა. წიგნში, რომელიც  XX საუკუნის 40–80–იანი წლების საერთაშორისო მოვლენებისა და მსოფლიო პოლიტიკის ღრმა ანალიზს სთავაზობს მკითხველს, იგი მოგვითხრობს თავის ბავშვობაზე, მისთვის უცნობ, მაგრამ საოცნებო სამშობლოზე, მშობლებზე, თავის ახალ სამშობლოზე, საფრანგეთზე. 2010 წელს, საქართველოში ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნის პრეზენტაციაზე ბატონი კლოდიც ჩამობრძანდა საქართველოში. მისი სიტყვები დაუვიწყარია: “მთავარი ისაა, რომ ქართულად ვფიქრობ და ვაზროვნებ და სანამ ცოცხალი ვარ, ევროპაში საქართველოს ინტერესების დასაცავად ყველაფერს გავაკეთებ. იამაყეთ, რომ ქართველები ხართ, რადგან საქართველოს წარსული და ისტორია ამის საშუალებას გაძლევთ. მჯერა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება და ევროპაში კუთვნილ ადგილს დაიკავებს“.
მჯერა, რომ ახდება სახელოვანი ქართველის ეს სიტყვები და საქართველო მალე დაიმკვიდრებს თავის ადგილს ევროპაში, ხოლო კლოდ კემულარიას სახელი მარად იცოცხლებს მისი სამშობლოსა და ხალხის წიაღში.

გელა დუმბაძე
სახელმწიფო მინისტრი