გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

მედია-სტრატეგია

მედია-სტრატეგია

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის

საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის

დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილებით დამტკიცებული დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:

დამტკიცდეს თანდართული „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია“.

გელა დუმბაძე

დიასპორის საკითხებში საქართველოს

სახელმწიფო მინისტრის აპარატის

საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია

შესავალი
1.1. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის (შემდგომში – სახელმწიფო მინისტრის აპარატი) საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია (შემდგომში – სტრატეგია) მიზნად ისახავს დაადგინოს ის წესები, სტანდარტები და საქმიანობის მიმართულებები, რასაც ახორციელებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი (შემდგომში – სახელმწიფო მინისტრის აპარატი) თავისი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და მისი პოპულარიზაციისათვის.

1.2. დღესდღეობით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის და მისი საქმიანობის ცნობადობა საზოგადოებაში ნაკლებია. ინტერნეტის მეშვეობით დაუგეგმავი შემოწმება ცხადყოფს, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატი ხშირად საერთოდ ვერ ხვდება სახელმწიფო უწყებების რეიტინგის გამოკითხვებში. საინფორმაციო გამოშვებების სიახლეების პირველ ბლოკში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მხოლოდ ქართული დიასპორის დღეებში ხვდებოდა.

1.3. სიტუაციის ანალიტიკური შეფასება ცხადყოფს, აგრეთვე, იმასაც, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია კიდევ უფრო ნაკლებად ვრცელდება დიასპორის წარმომადგენელთა შორის. ინტერნეტისა თუ სოციალური ქსელების მეშვეობით ინფორმაციის მიმღები პირები უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საერთო რიცხვის (იგულისხმება მიახლოებითი რიცხვი, ვინაიდან ზუსტი მონაცემები ჯერჯერობით არ არსებობს) ძალიან მცირე პროცენტს შეადგენენ.

1.4. სიტუაციური ანალიზის განხილვის შედეგად იკვეთება, რომ აუცილებელია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხრიდან გეგმური, წინასწარ გაწერილი და თანმიმდევრული სტრატეგიის განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობადობის ამაღლებას, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, თანამემამულეთა შორის და რასაც მიზნად ისახავს ეს სტრატეგია.

სტრატეგიისმიზნები
2.1. სტრატეგიის მიზნებია:

ა) საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაციის ზრდის უზრუნველყოფა;

ბ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის შესახებ დადებითი ცნობადობის ზრდის ხელშეწყობა საქართველოში და დიასპორაში;

გ) ქართული დიასპორის პოპულარიზება საქართველოში.

2.2. საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაციის ზრდის უზრუნველყოფა გულისხმობს:

ა) მედიის, არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმო­მადგენლებთან თანამშრომლობას;

ბ) პრესკონფერენციების ორგანიზებას;

გ) დაგეგმილ აქტიურობას სოციალურ ქსელებში.

2.3. სახელმწიფო მინისტრის აპარატის შესახებ დადებითი ცნობადობის ზრდის ხელშეწყობა საქართველოში და დიასპორაში გულისხმობს:

ა) სახელმწიფო მინისტრის აპარატის პროექტების ინტენსიურ გაშუქებას;

ბ) შესაბამისი პროფილის სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და შეხვედრების ორგანიზებას;

გ) რეგულარული „ღია კარის დღეების“ მოწყობას;

დ) დიასპორული დაიჯესტის გამოცემას;

ე) სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალური ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელის, აგრეთვე სხვა სოციალურ ქსელებში ოფიციალური გვერდის ფუნქციონირების უზრუნველყოფას.

2.4. ქართული დიასპორის პოპულარიზება საქართველოში გულისხმობს:

ა) საზღვარგარეთ დიასპორული ორგანიზაციების აქტივობების ინტენსიურ გაშუქებას;

ბ) დიასპორული ორგანიზაციების დახმარებას, მათი საქმიანობის შესახებ ცნობების გასავრცელებლად;

გ) ტელე- და ინტერნეტხიდების მოწყობას;

დ) დიასპორული ორგანიზაციების უზრუნველყოფას ცალკე გვერდით თანამემამულეთა გლობალურ ქსელში, აგრეთვე ამ და სხვა სოციალურ ქსელებში დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველი პრეს-რელიზების, ვიდეო- და აუდიოფაილების გავრცელებას.

2.5. ისწრაფვის რა საზოგადოებასთან ურთიერთობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებისაკენ, სახელმწიფო მინისტრის აპარატი თავის საინფორმაციო პოლიტიკას აწარმოებს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, მოქალაქეთათვის გასაგებ და მარტივ ენაზე.

სტრატეგიისამოცანები
3.1. სტრატეგიის ამოცანებია:

ა) საზოგადოებაში აპარატისა და სახელმწიფო მინისტრის საქმიანობის მიმართ სანდოობის ხარისხის გაზრდა და აქტივობების შესახებ საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება. ასევე, მნიშვნელოვანია დიასპორული ორგანიზაციების მიერ განხორციელებული საქმიანობის აქტიური გაშუქება;

ბ) ინფორმაციის სპეციფიკის გათვალისწინებით, საზოგადოებაისთვის ოფიციალური, სრული და ობიექტური ინფორმაციის დროულად მიწოდება;

გ) სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და ინტერნეტ მომხმარებლებს/საზოგადოებას შორის კვალიფიციური და ინტერაქტიული ურთიერთობების ჩამოყალიბება (დასმულ შეკითხვებზე სწრაფი, ამომწურავი და კვალიფიციური პასუხების მიღება);

დ) მნიშვნელოვანი სამთავრობო პროექტების აქტიური გავრცელება უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა შორის, შესაბამის უწყებებთან ერთად აღნიშნული პროექტების განხორციელების დეტალური განმარტება და, საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტების განხორციელებას დაინტერესებულ თანამემამულეებთან შესახვედრად შემდეგ ;

ე) პრესის, ტელევიზიისა და რადიოს საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის განთავსება სოციალურ ქსელებში, შესაძლებლობისას – ინფორმაციის ერთდროულად გავრცელება

ვ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის აპარატის ორგანიზებით მოწყობილი ღონისძიებების (კონფერენციები, სემინარები, საჯარო ლექციები და ა.შ.) მასალების მიწოდება ჟურნალისტებისათვის, აგრეთვე, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის.ე) ყველა სოციალურ მედიაში;

ზ) ქვეყნისათვის პრიორიტეტულ თემებზე სამუშაო პროცესის გამჭირვალობა და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობა.

3.2. სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანები შესრულდება საზოგადოების სრული გამჭვირვალობის პირობებში, საზოგადოების დაინტერესებული წარმომადგენლების აქტიური ჩართვით და მონაწილეობით.

კომუნიკაციისეფექტური საშუალებები
4.1. სტრატეგიით დაგეგმილი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად სახელმწიფო მინისტრის აპარატი იყენებს:

ა) ყველა სახის საინფორმაციო გამოშვებებს;

ბ) ტელეგადაცემებს;

გ) რადიოგადაცემებს, მათ შორის საზოგადოებრივი რადიო 1-ის საავტორო გადაცემას „მიგრაციის მარშრუტები“;

დ) ინტერნეტს, მათ შორის საკუთარ გვერდებს:

დ.ა) ოფიციალურ ვებ-გვერდს: http://diaspora.gov.ge;

დ.ბ) თანამემამულეთა გლობალურ ქსელს: http://www.tanamemamule.ge;

დ.გ)Facebook-ს: https://www.facebook.com/GeoDiaspora;

დ.დ) Youtube-ს: https://www.youtube.com/user/diasporagovge.

4.2. სახელმწიფო მინისტრის აპარატის საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან უზრუნველყონ სოციალურ ქსელებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიმართ ინტერნეტ მომხმარებლების/საზოგადოების მიერ დასმულ შეკითხვაზე მაქსიმალურად სწრაფად და კომპეტენციის ფარგლებში პასუხის გაცემა.

4.3. ისწრაფვის რა ღიაობის და გამჭვირვალობის დასამკვიდრებლად, სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს და ადასტურებს, რომ სოციალურ ქსელში არსებული მისი ყველა პროფილი გახსნილი და ღიაა ინტერნეტ მოხმარებელისათვის. ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება აქვს დატოვოს კომენტარი.

4.4. სახელმწიფო მინისტრის აპარატი უზრუნველყოფს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვასა და განხორციელებას ევროპული სტანდარტების დაცვით. სოციალურ ქსელებში წაიშლება სახელმწიფო მინისტრის აპარატის ყველა ანგარიშზე დატოვებული ყველა სახის დისკრიმინაციული, უხამსი, ასევე, რეკლამის შემცველი კომენტარი.

ფოკუს-ჯგუფები
5.1. სტრატეგიის მიზნებისათვის ფოკუს-ჯგუფებს შეადგენენ:

ა) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები;

ბ) დიასპორული ორგანიზაციები;

გ) უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა სხვა გაერთიანებები (ემიგრანტული ოჯახები, საკვირაო სკოლები, მუსიკალური, ქორეოგრაფიული და სპორტული ჯგუფები, საქართველოს საპატრიარქოს საზღვარგარეთ არსებული ეპარქიების სამრევლოები);

დ) დიასპორის თემატიკით დაინტერესებული საქართველოს მოქალაქეები და რეზიდენტი პირები;

ე) დიასპორულ და მიგრაციულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ;

ვ) საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები;

ზ) უცხო სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა მისიები საქართველოში.

5.2. სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს, რომ იგი ფოკუს-ჯგუფებს განიხილავს თანასწორად, არ დაუშვებს თავისი საქმიანობისას დისკრიმინაციულ მიდგომას და უპირატესობას რომელიმეს მიანიჭებს მხოლოდ ობიექტური საჭიროებისას.

საინფორმაციოდა სარეკლამო კამპანიის წარმოება
6.1. სახელმწიფო მინისტრის აპარატი სტრატეგიით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მიღწევისათვის, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში აწარმოებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის საინფორმაციო და სარეკლამო კამპანიას.

6.2. საინფორმაციო კამპანია გულისხმობს აქტიურ კავშირს ყველა მედია-საშუალებასთან, დასაშვები ხერხებით მათ დაინტერესებას და დარწმუნებას, გააშუქონ სახელმწიფო მინისტრის აპარატის მნიშვნელოვანი სიახლეები და სახელმწიფო მინისტრის ვიზიტები, აგრეთვე ინფორმირებული იყვნენ სახელმწიფო მინისტრის აპარატში მიმდინარე პროცესებთან.

6.3. სარეკლამო კამპანია გულისხმობს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის საინტერესო და ინოვაციური პროექტების თაობაზე კლიპების, ნაბეჭდი ფლაერების, ვიდეო-რგოლების, მიმართვების და კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახის სარეკლამო პროდუქციის აქტიურ გავრცელებას, შესაბამისი ფოკუს-ჯგუფისათვის, მათი ინტერესისა და საინფორმაციო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.

6.4. სამთავრობო პროგრამების აქტუალობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, საინფორმაციო არეალის სიდიდის გათვალისწინებით, ცალკეულ შემთხვევებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი განახორციელებს დამოუკიდებელ სარეკლამო კამპანიებს შემდეგ საკითხებზე:

ა) „აწარმოე საქართველოში“ – ღია კარის დღე დიასპორაში;

ბ) „იაფი აგროკრედიტი“ ემიგრანტების ოჯახებისათვის საქართველოში“;

გ) ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება – ინფორმაცია დიასპორისთვის;

დ) „სამშობლოში ნებაყოფლობითი დაბრუნება და რეინტეგრაცია“ – ე.წ. საგზაო რუკა ემიგრანტისთვის;

ე) ონლაინ სკოლა და თანამემამულეთა გლობალური ქსელი.

6.5. აღნიშნული კამპანიის მიზანი იქნება დიასპორის ინფორმირებულობა და მასთან კომუნიკაციის გაუმჯობესება, დიასპორაში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება და ქართული დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარების საქმეში.

6.6. სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადმინისტრაციულ შენობაში ჟურნალისტების გადაადგილება, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობასთან ინტერვიუების ჩაწერა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებით სიუჟეტების მომზადება განხორციელდება სახელმწიფო მინისტრის შესაბამის მოადგილესთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერთან შეთანხმებით.

დაფინანსებისწყაროები
7.1. სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური ასიგნებებიდან.

7.2. სახელმწიფო მინისტრის აპარატი, მხარს უჭერს რა სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების გეგმაზომიერ, მომჭირნე და გამჭვირვალე ხარჯვას, მაქსიმალურად შეეცდება, რომ დააინტერესოს დონორი ორგანიზაციები, დააფინანსონ სახელმწიფო მინისტრის აპარატის სოციალური სახის ღონისძიებები და რეკლამები.

7.3. სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ღიაობის უზრუნველსაყოფად, პერიოდულად განახორციელებს გაწეული ხარჯების დაანგარიშებას და მათ გავრცელებას საზოგადოებაში.

მონიტორინგიდა შეფასება
8.1. სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიმდინარეობის, დადებითი ტენდენციების გამოკვეთის და ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით სახელმწიფო მინისტრის აპარატი ყოველთვიურად განახორციელებს სტრატეგიის შესრულების მონიტორინგს.

8.2. მონიტორინგი განხორციელდება წინასწარ განსაზღვრული ინდიკატორების საფუძველზე და შემოწმდება შემდეგი სამი მიმართულების აქტივობები:

ა) სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ინიციირებული, დაანონსებული ან გავრცელებული სიახლის, ცნობის, რეკლამის და სტრატეგიით განსაზღვრული სხვა საქმიანობის ფოკუს-ჯგუფამდე მიღწევა, რეაგირება და უკუშედეგი;

ბ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის შესახებ, სახელმწიფო მინისტრის აპარატისაგან დამოუკიდებლად შექმნილი სტატიის, სიახლისა თუ სხვაგვარი ინფორმაციის წყარო, საფუძველი, რეაგირება და უკუშედეგი;

გ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების და დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის სახელმწიფო მინისტრის აპარატისაგან დამოუკიდებლად შექმნილი ან გავრცელებული ცნობები და ინფორმაცია.

8.3. განხორციელდება მონიტორინგის შედეგების შეფასება და დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები დაშვებული ხარვეზების გამოსასწორებლად და დადებითი ტენდენციების გასააქტიურებ­ლად.