გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

გაბაშვილი რევაზ ალექსანდრეს ძე

გაბაშვილი რევაზ ალექსანდრეს ძე

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

გაბაშვილი რევაზ ალექსანდრეს ძე, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დაიბადა 1882 წლის 6 ნოემბერს, თბილისში, გარდაიცვალა 1969 წელს, პარიზში.

იყო ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ეკატერინე გაბაშვილის შვილი, 1902 წელს დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია. შემდეგ სამი წელი დაჰყო ბელგიაში-ლიეჟის ელ-ტექნიკურ ინსტიტუტში 1905 წელს რევაზ გაბაშვილმა მიატოვა სწავლა და საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში (სოციალ-ფედერალისტებთან ერთად).1906 წლის რეაქციას პარიზში გაერიდა. 1907 წელს ისევ საქართველოში დაბრუნდა, დაქორწინდა და მეუღლესთან, მარიამ ცისკარიშვილთან ერთად, პეტერბურგში გაემგზავრა. 1910 წელს სამი თვით ციხეში ჩასვეს უნივერსიტეტში სწავლა აუკრძალეს. 1911 წელს საქართველოში დაბრუნდა. დაიწო აქტიური საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა. საფუძველი ჩაუყარა კოოპერაციულ მოძრაობას, შექმნა რამდენიმე გაერთიანება, სხვადასხვა დაწესებულებებიდან შეიძინა და ქართველ გლეხებს უსასყიდლოდ გადასცა 52 ათასი დესეტინა მიწა.

1912 -15 წლებში გაბაშვილმა სხვებთან ერთად დააარსა და ხელმძღვანელობდა ყოველკვირეულ ჟურნალ „კლდე”-ს,1915 წლიდან კი ყოველდღიურ გაზეთ „საქართველოს”. ამ ორგანოთა ირგვლივ შეიკრიბა საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფი (სპირიდონ კედია, გიორგი გვაზავა, შალვა ამირეჯიბი, შალვა ქარუმიძე, დავით ვაჩნაძე და სხვები) რომლებმაც 1917 წელს გამოცხადებული ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბირთვი შეადგინეს.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გაბაშვილი გახდა პარლამენტის წევრი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ქვოტით.

1921 წლიდან ემიგრაციაშია, ჯერ სტამბოლში, შემდეგ საფრანგეთში, პარიზში. ოჯახი საქართველოში დარჩა.

ეწეოდა აქტიურ პუბლიცისტურ საქმიანობას: 1967 წელს პარიზში ფრანგულად გამოსცა „L~apport de la race caucasienne dans la civilisation mondiale” (კავკასიური რასის წვლილი მსოფლიო ცივილიზაციაში), თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. 1959 წელს მიუნხენში გამოქვეყნდა მისი გახმაურებული მემუარები -„რაც მახსოვს”. წიგნმა ქართული ემიგრანტული, განსაკუთრებით კი სოციალ-დემოკრატიული წრეების აღშფოთება გამოიწვია.

რევაზ გაბაშვილი გარდაიცვალა 1969 წელს, პარიზში, 87 წლის ასაკში. დაკრძალულია ბანიოს სასაფლაოზე.

შვილები -ციალა, ალექსანდრე და გურამ გაბაშვილები.

თხზულებანი:

„რაც მახსოვს” – მოგონებანი, მიუნხენი, 1957წ.

„L~apport de la race caucasienne dans la civilisation mondiale” Paris. 1967;

ლიტერატურა:

გ.შარაძე, უცხოეთის ცის ქვეშ, ტ.1.118-133;

რესურსი ინტერნეტში:

http://24saati.ge/index.php/category/style/home/2010-02-20/3745

http://www.useug.com/cnobk/llcnobili/5751.html

http://en.wikipedia.org/wiki/Revaz_Gabashvili (Eng)

http://dbpedia.org/page/Revaz_Gabashvili (Eng)