გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

გიორგი XI

გიორგი XI

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

გიორგი XI, (სპარს.گرگین‌خان, გურჯინ -ხანი) ქართლის მეფე 1676-1688 და 1703-1709 წლებში, ბაგრატიონთა მუხრანული შტოდან. მხედართმთავარი. დაიბადა 1651 წელს, გარდაიცვალა 1709 წლის  21 აპრილს, დიხ-შეიხში (ავღანეთი).

ქართლის მეფის, ვახტანგ V-ის ძე, არჩილ II-ის მომდევნო ძმა. 1675 წელს ირანში მიმავალი ვახტანგV გარდაიცვალა, მამის გარდაცვალების შემდეგ გიორგი ირანში წავიდა.

1676 წელს შაჰ-სულეიმანმა გიორგი XI-ს მაჰმადიანობა მიაღებინა და ქართლის მეფედ დაამტკიცა.

გიორგი XI ცდილობდა ხელისუფლება განემტკიცებინა და ქართლში ირანელთა ბატონობა მოესპო. დახმარების მისაღებად დიპლომატიური მოლაპარაკება გამართა ოსმალეთთან. ხელს უწყობდა თავისი უფროს ძმა არჩილს, და იმერეთში გაამეფა. შაჰს არ მოსწონდა გიორგის კავშირი რაჭის ერისთავთან და ის, რომ ზედმეტად მფარველობდა საქართველოში მყოფ კათოლიკე მისიონერებს.

გიორგი XI-მ, თავის ძმა ლევანთან და სულხან-საბა ორბელიანთან ერთად, ქართლის სამეფოს ევროპულ ორიენტაციას დაუდო სათავე. მფარველობდა მისიონარებს, მიმოწერა ჰქონდა რომის პაპთან  და ევროპელ მონარქებთან. 1687 წლის 29 აპრილით დათარიღებულ წერილში თავისი და თავისი შვილის ბაგრატის სახელით ერთგულებას უცხადებს რომის პაპს ინოკენტ XI-ს, აცხადებს თავს კათოლიკედ და პაპს სთხოვს, რომ ბრძანება გასცეს საქართველოს მხედრობისთვის. პაპის საპასუხო წერილებიდან სჩანს, რომ იგი მას კათოლიკე მეფეთა სიაში მოიხსენებს. თუმცა პრაქტიკულ დახმარებაზე არ არის საუბარი, რადგან მართალია ვენა ამ დროს ოსმალებისაგან ახალი განთავისუფლებულია (1683), მაგრამ საფრანგეთი (ლუი XIV) და გერმანია (ლეოპოლდ I) უკვე ერთმანეთში ომისათვის ემზადებიან და 1688 წელს დაიწყება კიდეც პფალცის ომი. ამას ემატებოდა ინოკენტი XI-ისა და ლუი XIV-ის დაძაბული ურთიერთობა.  ევროპასთან ურთიერთობის მომსწრეა არა მხოლოდ გიორგი XI-ის ძმა ლევან ბატონიშვილი, არამედ მისი ბიძაშვილი, სულხან-საბა ორბელიანი, რომლის აღზრდაზეც გიორგის ზეგავლენა სჩანს.

1688 წელს ირანელთა წინააღმდეგ გიორგი XI-ის აჯანყება მარცხით დამთავრდა. შაჰმა ტახტიდან გადააყენა და მის ადგილას ერეკლე I (ნაზარალი-ხანი) დასვა. გიორგიმ იმერეთს შეაფარა თავი. ამასობაში ირანის ტახტზე შაჰ-ჰუსეინი ავიდა. ახალმა შაჰმა გადაწყვიტა შერიგებოდა გიორგი XI-ს. თავის მხრივ, გიორგისაც სურდა ტახტი დაებრუნებინა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა გაეგრძელებინა. ამიტომ მიწვევას დათანხმდა და 1697 წელს ისპაჰანში ჩავიდა. ამის შემდეგ სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა.

ისპაჰანში გიორგი XI დიდი პატივით მიიღეს. ირანში შინაპოლიტიკური მდგომარეობა არეული იყო, შაჰს კი გამოცდილი და შეუპოვარი სარდალი სჭირდებოდა, ამიტომ ხან ერთი პროვინციის დასამორჩილებლად აგზავნიდა, ხან მეორისა. ამ პერიოდში ირანის ცენტრალური ხელისუფლება ქართულ სამხედრო ძალას ეყრდნობა. ქირმანის ოლქის გამგებელი და ირანის სპასალარი გიორგი მეფეა, ირანის მდივანბეგი კი – მისი ძმა ლევანი. ქირმანის ოლქში ამ დროისთვის დაახლოებით 2 000 ქართველია გიორგი მეფის გარშემო შემოკრებილი. ქართველები ამ ჯარით მხოლოდ ერთხელ, 1711 წელს დამარცხდნენ. ამ ბრძოლაში დაიღუპა მეფე ქაიხოსრო II და ბატონიშვილი ალექსანდრე. ირანის სპასალარად და ყანდაარის ბეგლარბეგად ქცეულ ქართლის მეფესა და მის მხლებლებს არაფრად მოსწონდათ ჯოჯოხეთად ქცეულ უდაბნოში თვეობით ხეტიალი და ბელუჯებთან თუ ავღანელებთან ბრძოლა, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების ერთადერთ გზად ეს მიაჩნდათ.

1703 წელს შაჰმა გიორგი კვლავ ქართლის მეფედ დაამტკიცა, ოღონდ ავღანელთა დამოჩილება მოსთხოვა. ქართლში მეფის ჯანიშინად (მოადგილედ) დაინიშნა ვახტანგი (ანუ ვახტანგ მეექვსე), გიორგის ძმის, ლევანის ძე. ირანში გიორგი XI-ის წარმატებები თავის მხრივ გზას უხსნიდა ვახტანგ VI-ს, რათა აქტიური პოლიტიკა ეწარმოებინა ქართლში. მან მმართველობას ჩამოაცილა მისთვის არასასურველი პირები. 1705 წლის საეკლესიო კრებაზე ქართლის კათალიკოსად მისი ძმა დომენტი აირჩიეს, რითაც მეფემ ეკლესიის მხარდაჭერა მოიპოვა.

გიორგი XI-მ ავღანელი მეამბოხეებიც მოთოკა, მაგრამ მათი მეთაურის, მირ-ვეისის მსხვერპლი გახდა. 1709 წლის 21 აპრილს მირ-ვეისის მიერ ლხინში მიწვეული გიორგი და მისი ამალა მუხანათურად ამოჟლიტეს. მირ-ვეისმა მკვდარ გიორგის “აჰყარნა ხატნი და ჯუარნი და… ფსალმუნი” და შაჰს გაუგზავნა როგორც საბუთი, რომ გამუსლიმანებული სარდალი მაინც ქრისტიანი იყო და შაჰს ორგულობდა.

სულხან-საბა ორბელიანმა ქართული ლექსიკონის ანუ “სიტყვის კონის” შედგენა თავისი მკვიდრი მამიდაშვილის გიორგი XI-ის თხოვნით დაიწყო და გასრულებული ყანდაარში გაუგზავნა. ცნობილია გიორგი მეფის სამძიმრის წერილი სულხან-საბა ორბელიანის ძმის, ვახუშტის გარდაცვალების გამო. ეს უკანასკნელი გიორგის ამალაში იყო და 1707 წელს ყანდაჰართან გარდაიცვალა.

გიორგი XI-ის ცხოვრებას ქართულის (სეხნია ჩხეიძე, ფარასადან გორგიჯანიძე, ვახუშტი)გარდა უცხოური წყაროებიც მოგვითხრობენ, ამის გამო ევროპაში ქართველ მეფეთაგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურაა.

ლიტერატურა:

ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა/ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც. IV, თბილისი, 1973.

ს. კაკაბაძე, ფარსადან გორგიჯანიძე, საქართველოს ცხოვრება, საისტორიო მოამბე, ტ. II, თბ. 1925წ.

მ. ხუბუა, ქართულ-ირანული ურთიერთობანი, ენიმკის მოამბე, 1940, №5-6.

გ. ჯამბურია, საქართველოს პოლიტიკური ვითარება XVII ს. 30-90 წლებში, საქართველოს ისტ. ნარკვევები IV, 1973. 347-351.

ლ. ტუხაშვლი, პოლიტიკური ვითარება XVIII ს.პირველ ოცეულში. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV, გვ. 398-413.

Martin Sicker, The Islamic World in Decline: From the Treaty of Karlowitz to the Disintegration of the Ottoman Empire (Hardcover) (2000), Praeger/Greenwood, ISBN 0-275-96891-X, page 44

The Cambridge History of Iran: Volume 6, the Timurid and Safavid Periods, edited by Peter Jackson, Stanley I Grossman, Laurence Lockhart: Reissue edition (1986), Cambridge University Press, ISBN 0-521-20094-6, page 315

Political history of Georgia 1658-1703, excerpt from David Marshall Lang, The Last years of the Georgian Monarchy, 1658-1832

რესურსი ინტერნეტში:

http://qim.ge/giorgi%20XI.html

http://www.kvirispalitra.ge/history/8394-giorgi-xi-qarthveli-vali-iranshi.html

http://rveuli.ge/dir/view_break.php?page=biography&id=150&cat=9

http://en.wikipedia.org/wiki/George_XI_of_Kartli (Eng)

http://www.webmix.ge/vvi/doc.php?doc=1860

http://www.useug.com/mepeeb/19.html

http://planeta.ge/index.php?showtopic=4514