გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

კანდელაკი კონსტანტინე

კანდელაკი კონსტანტინე

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

კანდელაკი კონსტანტინე პლატონის ძე, პოლიტიკური მოღვაწე, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი. დაიბადა 1883 წელს, სამტრედიაში, გარდაიცვალა 1958 წლის 11 ოქტომბერს,  ლოზანაში.

1890 -იან წლებში სწავლობდა ქუთაისის სემინარიაში. შემდეგ მიდის მოსკოვში და ამთავრებს უმაღლეს კომერციულ სასწავლებელს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ხდება კოოპერაციული მოძრაობის ლიდერი. 1909 წელს გამოსცა პირველი წიგნი, „კოოპერაცია, თეორია, ისტორია და პრაქტიკა”.

1919 წლის 21 მარტიდან ბოლშევიკთა ანექსიამდე საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრია (ამ პოსტზე გიორგი ჟურული შეცვალა). მის სახელს უკავშირდება ქართული ფულის გამოშვება.

1921 წლის მარტიდან ემიგრაციაშია. ეწევა აქტიურ პუბლიცისტურ საქმიანობას. იყო ეკონომიკის თეორეტიკოსი, სხვადასხვა ენაზე გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები, რომლებიც როგორც საქართველოს ეკონომიკას, ასევე გლობალურ თემებს ეძღვნება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია 1935 წელს პარიზში გამოცემული მონოგრაფია „საქართველოს ეროვნული მეურნეობა”, პირველი ტომი. ამ მონოგრაფიის მეორე წიგნი გამოიცა ავტორის სიკვდილის შემდეგ, 1960 წელს, პარიზში.

აღსანიშნავია კონსტანტინე კანდელაკის ღვაწლი ქართველი ებრაელების გადარჩენაში საფრანგეთის ნაცისტური ოკუპაციის დროს.

გარდაიცვალა 1958 წლის ოქტომბერში, შვეიცარიაში (ლოზანაში)სადაც ის სამკურნალოდ იყო ჩასული.  გადმოასვენეს პარიზში. დაკრძალულია ლევილში.

ძმა – სიმონ კანდელაკი.

ლიტერატურა:

გ.შარაძე, უცხოეთის ცის ქვეშ, ტ.2, გვ.77-97.