გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

მანველიშვილი დაუდ-ფაშა გურჯი

მანველიშვილი დაუდ-ფაშა გურჯი

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

მანველიშვილი დაუდ-ფაშა, გურჯი (ზოგიერთი მოსაზრებით – დიმიტრი ბოჩოლაშვილი),  ერაყის უკანასკნელი მამლუქი გამგებელი, რეფორმატორი, კანონმდებელი. ოსმალეთის მიერ ერაყის დაპყრობის შემდეგ, ბოსნიის გამგებელი. დაიბადა 1767 ან  1774 წელს, ქვემო ქართლში –  გარდაიცვალა 1851 წელს, მედინაში.

5 წლის ასკში გაიტაცეს (დუშეთიდან?) და ოსმალეთში გაყიდეს. მოხვდა ასევე ქართული წარმოშობის ბაღდადის ფაშა სულეიმან ბუიუქთან, რომელმაც ის მამლუქთა სასწავლებელში მიაბარა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ეკავა სხვადასხვა თანამდებობა (საფაშოს ბეჭდის მცველი, ხაზინადარი, დავთარდარი და სხვა).

დაუდ ხანმა უდიდესი როლი შეასრულა ერაყის ისტორიაში. გახდა თუ არა ეყარის მმართველი, განუდგა ოსმალეთის სულთანს და ატარებდა დამოუკიდებელ საშინაო და საგარეო პოლიტიკას. არმია გარდაქმნა ევროპულ ყაიდაზე, რისთვისაც ევროპელი სპეციალისტები ჩამოიყვანა.ერაყში გახსნა პირველი სტამბა, აგრეთვე ქაღალდის ფაბრიკა. შემოიღო სავაჭრო მონოპოლია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე. ცდილობდა რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომი თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა და ერაყის დამოუკიდებლობა განემტკიცებინა. 1830 წელს სულთანმა მის წინააღმდეგ ჯარი გაგზავნა, დაუდ-ფაშა გურჯი დამარცხდა და 1831 წლის სექტემბერში თურქებს დანებდა. 1832 წელს სულთნის ბრძანებით მონაწილეობა მიიღო ანატოლიაში შეჭრილ მუჰამედ ალის ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1834-1836 წლებში იგი ბოსნიის ბეგლარბეგია; 1838-1839 წლებში კი ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს, _ დივანის თავმჯდომარე. ამის შემდეგ, ანკარის ვილაიეთს განაგებდა. 1841 წელს სახელმწიფო სამსახურიდან გადადგა. 1846 წელს დაუდი პირადი თხოვნით მუჰამედ წინასწარმეტყველის აკლდამის ზედამხედველად, -„ შეიხ ულ-ჰარამად” დაინიშნა მედინაში.  გარდაიცვალა 1851 წელს, მედინაში, დასაფლავებულია ხალიფა ოსმანის საფლავის ახლოს.

ცნობილია მისი ურთიერთობაც საქართველოსთან, კერძოდ-მისი ქართული წერილი დედისადმი დაწერილია 1821 წელს; “მერმეთ ვითხოვთ თქვენი მოწყალე გულისაგან, რომ ლოცვით ნუ დამივიწყებთ. კაცი ქვეყანაზედ მოვა და ვენახს გააშენებს, რომ ნაყოფი მიიღოს, თქვენ ვენახი გაგიშენებიათ და ნაყოფი არ მიგიღიათ, ვითხოვ თქვენი მოწყალე დედობისაგან, თუ შეგეძლოს, წამოსვლას ნუ დაიზარებთ, თქვენი ძე ბადადის ხელმწიფე “დაუდ-ფაშა”, 1821 წელი”.

დაუდ-ფაშას გამოუგზავნია ბაღდადიდან საგანგებო თანხა დედის, დებისა და ძმების გამოსასყიდად, რადგან ისინი თავად ორბელიანის ყმები ყოფილან. ბოლოს იგი ეცადა მათ გააზნაურებასაც. გამოსყიდვის საბუთიც შედგა: “1820 წელს, ნოემბრისა დღესა, მე ქვემოთ ხელის მომწერელმა თავადმა ლუარსაბ იოანეს ძემ ორბელიანმა, განვათავისუფლე ჩემი ყმობისაგან ჩემნი სამკვიდრონი ყმანი, აწ აქ ტფილისში მცხოვრებელნი ბოჩოლაანთ გიორგის შვილები ყოველნი, შიო და დიმიტრი, რომელნიც მანველაანთ იხსენებოდით შენის ცოლით ბარბარეთი და შენის ქალებით ნინოთი, ანათი და სალომეთი და დედა შენი მარიამ და შენი ძმა დიმიტრი, რომელიც აწ ბაღდადს იმყოფება. ასე რომ, თქვენ ჩემი გული შეიჯერეთ და დღეის შემდგომ არც მე და არც სხვათა ნათესავთა და ჩამომავლობათა ჩემთა საბატონყმოდ თქვენ შიო და დიმიტრისთან და თქვენ ჩამომავლობასთან საქმე არა გვქონდეს, რომელ თქვენ ამას წინათ არც ვისმეზედ ხართ მისყიდულნი, არც დაგირავებულნი”.

ლიტერატურა :

ბეი-მამიკონიანი გ., ქართველ მამელუკთა მბრძანებლობა ერაყში XVIII და XIX საუკუნეებში, «საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე», 1944, ტ. 5, № 7;

ჯანელიძე დ., სილაგაძე ბ., ქართველი მამლუქები ეგვიპტესა და ერაყში, თბ., 1967;

Huart C. J., Histoire de Bagdad dans les Temps modernes, P., 1901;

ბ. სილაგაძე, ერაყი მამლუქთა გამგებლობის ხანაში, თბ., 1978, გვ. 113.

Адамов А, Ирак Арабский…  St. Petersburg, 1912.

Izzidien, Yousif. Dawud Basha, wa-nihayat al-mamalik fi al-Iraq. Baghdad, 1967. (Tur) (დაუდ ფაშა და მამლუქების დასასრული ერაყში).

რესურსი ინტერნეტში:

http://iberiana.wordpress.com/qartvelebi-iransi/shesavali/

http://www.kvirispalitra.ge/history/4769-mameluki.html

http://sana.ge/address/news/cat/13/id/4721/