გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

პატარიძე ელისე

პატარიძე ელისე

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

პატარიძე ელისე, საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატი, გამომცემელი.დაიბადა 1896 წლის 16 ივნისს, სოფ.ნაკარევში, გარდაიცვალა 1975 წლის 10 თებერვალს, პარიზში.

1917 დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. შემდეგ ჩაირიცხა თბილისის ახლადგახსნილ უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი და მთავარი კომიტეტის მდივანი. თნამშრომლობდა პარტიის ორგანო „საქართველოში”, იყო ედპ-ს დამფუძნებელი ყრილობის დელეგატი ბათუმის ოლქიდან.

წითელი არმიის შემოჭრისას იბრძოდა ტაბახმელაში და კოჯორში. 1921 წელს ემიგრაციაში არ წასულა. აქტიურად თანამშრომლობდა  ანტიბოლშევიკური აჯანყების ორგანიზატორებთან, „დამკომთან”.

აჯანყების დამარცხების შემდეგ შალვა ამირეჯიბთან ერთად დატოვა საქართველო. ემიგრაციაში ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ და პუბლიცისტურ საქმიანობას. მისი დამსახურებაა, რომ ვალენტინში ამოქმედდა ქართული სტამბა (დიმიტრი სინჯიკაშვილთან ერთად). ამ სტამბაში გამოიცა ალექსანდრე ასათიანის, ზურაბ ავალიშვილის წიგნები. აქვე იბეჭდებოდა „სამშობლო” და „მხედარი”.

1930 წლიდან მსახურობდა საავტომობილო ფირმა „პეჟოს” ბიუროში, პარიზში.

ელისე პატარიძე იყო პარიზის ქართული ეკლესიის ერთერთი დამაარსებელი, სამრევლო საბჭოს მდივანი. გარკვეული ხნით იყო ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე. (შალვა აბდუშელიშვილის შემდეგ). ლევან ზურაბისვილთან ერთად დააარსა „ქართული ეროვნული ცენტრი”. მეორე მსოფლო ომის დამთავრების შემდეგ ხელმძღვანელობდა  „ივერიას” (მისი დამაარსებელი – ალექსანდრე ასათიანი ესპანეთში იყო).

ჰყავდა მეუღლე, თამარ ალშიბაია. შვილები თინა, გულნარა და ოთარ პატარიძეები.

ელისე პატარიძე გარდაიცვალა 1975 წლის 10 თებერვალს, დაკრძალულია ლევილში.

ლიტერატურა:

გ.შარაძე, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. 5, გვ. 21-30.

„ივერია” N 17, 1975 წ. პარიზი.

თსუ ემიგრაციის მუზეუმი, გ.შარაძის პირადი კოლექცია.