გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დავით ყიფიანის სახელობის ტურნირი კახის რაიონში

დავით ყიფიანის სახელობის ტურნირი კახის რაიონში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

1 სექტემბერს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მინისტრების – კონსტანტინე სურგულაძისა და ლევან ყიფიანის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში. აზერბაიჯანის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი აზად რახიმოვი და კახის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მუსა შექილიევი.

შეხვედრის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრებმა მოილოცეს კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, მოინახულეს წმინდა მიხეილ ყულოშვილის საფლავი, ასევე გაესაუბრნენ ჰერეთისა და ხორნაბუჯის ეპარქიის ეპისკოპოსს, მეუფე მელქისედეკ ხაჩიძესა და ეკლესიის მრევლს.
შეხვედრის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრებს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა აზად რახიმოვმა დაათვალიერებინა კახის რაიონში ახლადდასრულებული ოლიმპიური კომპლექსი, ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრი და ძველი ქალაქის განახლებული ნაწილი.
ამავე საღამოს, ქართული დელეგაცია მუსა შექილევთან ერთად დაესწრო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ მთავარ ღონისძიებას, დავით ყიფიანის სახელობის ტურნირის ფინალურ მატჩს „კახისთავის“ და „ქოთოქლოს“ საფეხბურთო გუნდებს შორის, რომელიც დამთავრდა „კახისთავის“ გამარჯვებით ანგარიშით 1:0.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა სიტყვით მიმართეს გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს, გამარჯვებულ გუნდს დავით ყიფიანის სახელობის გარდამავალი თასი ბატონმა ლევან ყიფიანმა გადასცა.
საფეხბურთო მატჩის შემდეგ მოხდა პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდების დაჯილდოვება და სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილ საუკეთესო ფეხბურთელებს პრიზები, სიგელები და ფულადი პრემიები გადაეცათ.