გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა GIZ-ის წარმომადგენლებთან

შეხვედრა GIZ-ის წარმომადგენლებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

16 აპრილს, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე,  მინისტრის პირველი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი და აპარატის  თანამშრომლები შეხვდნენ GIZ-ისა (გერმანიის საერთაშორისო  თანამშრომლობის საზოგადოება) და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენლებს:   GIZ-ის პროგრამის   დირექტორს ჰენინგ ტვესტენს და უფროს ეკონომიკურ მრჩეველს რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციების საკითხებში, ჰარტმოტ იანუსს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროექტი ქართული დიასპორის კვლევა  დაიწყო 2012 წლის 10 ივლისს როდესაც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და   სამხრეთ კავკასიაში  GIZ-ის კერძო სექტორის განვითარების პროგრამა, საქართველო”-ს  (PSDP SC GE) შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა აპარატისთვის კვლევის განხორციელებაში მხარდაჭერის აღმოჩენას.

დიასპორის კვლევა  განხორციელდა საქართველოს საინვესტიციო კლიმატის დიასპორისეული შეფასების გასაანალიზებლად, საქართველოს ეკონომიკაში დიასპორის ჩართულობის გასაძლიერებლად ყველაზე ეფექტიანი მექანიზმების დასადგენად და ქართული დიასპორის მიერ საქართველოს, როგორც ინვესტიციის განსახორციელებლად მიმზიდველი ქვეყნის, შეფასება. კვლევის ქვეყნები იყო: საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, თურქეთი, რუსეთი. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია აღნიშნული კვლევის შედეგების პრეზენტაცია ფართო საზოგადოებისა და მედიის დასწრებით.

გერმანელი სტუმრები დაინტერესდნენ ახალი მთავრობის პირობებში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობითა და მომავალი გეგმებით. კონსტანტინე სურგულაძემ ვრცელი და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა GIZ-ის წარმომადგენლებს აპარატის საქმიანობისა და მიმდინარე კონკრეტული პროექტების შესახებ; ისაუბრა ახლახანს განხორციელებული სამუშაო ვიზიტების (სამხრეთ აფრიკა, დიდი ბრიტანეთი, იტალია) ფარგლებში მიღწეული კონკრეტული შედეგებისა და გეგმების შესახებ. სტუმრები დაინტერესდნენ უშუალოდ სახელმწიფო მინისტრის ხედვითა და მიდგომებით ქართულ დიასპორებთან ურთიერთობაში და მათი განვითარების პერსპექტივებით, აპარატის სახელმძღვანელო პრინციპებით. როგორც კონსტანტინე სურგულაძემ აღნიშნა, აპარატის საქმიანობის სტრატეგია მთლიანად ემყარება ჩვენი თანამემამულეების საჭიროებებსა და იმ პრობლემურ გამოწვევებს, რის წინაშეც დგანან ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩვენი დიასპორის უდიდეს ნაწილს სურვილი აქვს დაბრუნდეს თავის სამშობლოში, დასაქმდეს და ჰქონდეს ღირსეული გარემო ღირსეული შრომისათვის. სწორედ ამას ეფუძნება სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხედვა და მიდგომა, რომ თანმიმდევრულად, გონივრულ ვადებში, სახელმწიფოს თანადგომით მოხდეს ეკონომიკის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა და ცხოვრების ღირსეული პირობების უზრუნველყოფა, რაც შექმნის აუცილებელ პირობასა და გარემოს ჩვენი თანამემამულეების დაბრუნებისათვის. ამასთანავე, აპარატი მოწოდებულია, რომ ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფ და მოღვაწე ჩვენს წარმატებულ თანამემამულეებს, რომლებიც ცდილობენ თავი დაიმკვიდრონ იმ ქვეყნებში. სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია რამდენიმე კონკრეტული პროექტის შესახებ. კერძოდ, აღნიშნა, რომ აპარატი მუშაობს ემიგრანტთა ფართო ვებ-პორტალის შექმნაზე, გააცნო სტუმრებს ვერ-პორტალის იდეა და შინაარსი, განხორციელების მიზნები და ამოცანები. ვებ-პორტალის პროექტი სარგებელს მოუტანს ჩვენს თითოეულ თანამემამულეს მთელს მსოფლიოში სხვადასხვა სერვისების მიწოდების კუთხით, სადაც იქნება ინფორმაცია ახალი სამუშაო ადგილების, ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობების, სხვადასხვა იურიდიული და სამართლებრივი დოკუმენტების მიღების, აღდგენისა თუ გაგრძელების კუთხით; ასევე, დაგეგმილია ემიგრანტი ბავშვებისათვის ქართული ენის ონლაინ გაკვეთილების მიწოდება. სახელმწიფო მინისტრმა ასევე ისაუბრა უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი ბიზნესმენების სურვილსა და მათი შესაძლებლობების გამოყენების აუცილებლობაზე, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში ინვესტიციების დაბანდებით და უცხოეთში ამჟამად მყოფი ჩვენი თანამემამულეების  დასაქმებით. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა, რომლებმაც წლები დაჰყვეს უცხოეთში, შეისწავლეს ენა, აითვისეს დასავლური შრომითი ჩვევები, ურთიერთობები და სამუშაო გამოცდილება, შესაბამისად, ისინი მზად არიან იმუშაონ როგორც ქართველ, ისე უცხოელ ბიზნესმენებთან, რომლებიც განავითარებენ ბიზნესს საქართველოში. კონსტანტინე სურგულაძემ დაასახელა ის ეკონომიკური მიმართულებები და სექტორები, რაც არის პრიორიტეტული ამ  პროექტის განხორციელების თვალსაზრისით. კერძოდ, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. შეხვედრაზე გამოითქვა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელებისა და კონკრეტული პროექტების განხორციელების სურვილი.