გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ვიზიტი სამხრეთ აფრიკაში

ვიზიტი სამხრეთ აფრიკაში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

2013 წლის 17–24 მარტს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაიმართა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბატონ კონსტანტინე სურგულაძის სამუშაო ვიზიტი. 23 მარტს პრეტორიაში საქართველოს საელჩოში სახელმწიფო მინისტრი შეხვდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის სახელით, საქართველოს საელჩოში გაიმართა მიღება, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის სამინისტროს წარმომადგენლები. ბატონმა კონსტანტინე სურგულაძემ დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ახალი მთავრობის პრიორიტეტების და გეგმების თაობაზე, მათ შორის, დიასპორასთან მიმართებით. მისი განცხადებით, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ყურადღებას არ მოაკლებს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრებ თანამემამულეებს და საელჩოსთან თანამშრომლობით მხარს დაუჭერს ყველა პოზიტიურ იდეას და ინიციატივას, რომელიც სამშობლოსთან მათი კავშირის შენარჩუნება-განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. 21 მარტს სახელმწიფო მინისტრი იმყოფებოდა ქ. კეიპტაუნში, სადაც საქართველოს საპატიო კონსულთან დოქტორ ჯერალდ ვოლმანთან შეხვედრისას განხილულ იქნა ქართული დიასპორის მხარდაჭერის და ორ ქვეყანას შორის კავშირების ხელშეწყობის თემატიკა. 22 მარტს სახელმწიფო მინისტრი და საქართველოს ელჩი შეხვდნენ იოჰანესბურგში მდებარე ანალიტიკურ-კვლევითი ცენტრის – სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (South Africa Institute of International Affairs (SAIIA)) აღმასრულებელ დირექტორს ქ-ნ ელიზაბეტ სიდიროპულოსს და ინსტიტუტის სხვა მაღალი დონის წარმომადგენლებს, მათ შორის, მკვლევარებს. სახელმწიფო მინისტრმა მათ მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ. შეხვედრისას, ასევე, გაიმართა აზრთა ურთიერთგაცვლა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით. სახელმწიფო მინისტრის მხრიდან ხაზი გაესვა, რომ საქართველოს ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან, როგორც კონტინენტის ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოსთან, მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას და ორმხრივი კავშირების გაღრმავებას სხვადასხვა, მათ შორის, პოლიტიკის, ეკონომიკის და კულტურის სფეროებში. ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრს ასევე შესაძლებლობა მიეცა საქართველოსთან დაკავშირებული ინფორმაცია მიეწოდებინა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ბიზნეს სექტორის ცალკეული, დაინტერესებული წარმომადგენლებისთვის. 2013 წლის 26 მარტი პრეტორია