გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

კონსტანტინე სურგულაძემ 8 მარტი ჟურნალისტ ქალბატონებს მიულოცა

კონსტანტინე სურგულაძემ 8 მარტი ჟურნალისტ ქალბატონებს მიულოცა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ ემიგრაციისა და დიასპორის თემაზე მომუშავე ქართველ ჟურნალისტ ქალბატონებს მიულოცა, რომელთა შორის იყვენენ ჟურნალ „ემიგრანტების“ რედაქტორი ნინო ცხოიძე, რადიო „ობიექტივის“ წამყვანი ეკა სარალიძე, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ კორესპონდენტი ელგა ფოლადიშვილი და ჟურნალ „ემიგრანტების“ კორესპონდენტი ლალი ნოზაძე. სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს, ქვეყნის წინაშე მდგარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევის – უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების ცხოვრების, შრომის, ყოფის შესახებ ჩვენი საზოგადოების სწორად ინფორმირება და გაზიარება. ჟურნალისტებმა შეხვედრაზე ჩვენი ემიგრაციის ცხოვრების ბევრი მტკივნეული საკითხი დააყენეს: მათ შორის, უცხოეთში დაკავებული და საპატიმროებში მყოფი ჩვენი თანამემამულეების; ოჯახს მოწყვეტილი და უკიდურესად მძიმე შრომით პირობებში არალეგალურად მყოფი ქალბატონების, მათი  სოციალური და ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხები; უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების დოკუმენტაციის პრობლემატიკა; უცხოეთში გარდაცვლილი თანამემამულეების გადმოსვენების და მათი დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებული საკითხები, რაც ასე აწუხებს ჩვენს დიასპორას უცხოეთის ბევრ ქვეყანაში. სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ქვეყანაში ვითარება რადიკალურად შეიცვალა და გაჩნდა უდიდესი მოტივაცია ჩვენი თანამემამულეებისათვის სამშობლოში დაბრუნებისა, რაც უპირველეს ყოვლისა, მდგომარეობს ეკონომიკის განვითარების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და უკანდაბრუნებული თანამემამულეების დასაქმების პერსპექტივაში. „დღეს ბევრი ადამიანი, მათ შორის, ჩვენი თანამემამულე და უცხოელი ინვესტორები, მოგვმართავენ წინადადებით, რომ დაიწყონ ბიზნესი საქართველოში, რაც მისასალმებელია და ქმნის პერსპექტივას, რომ ბევრი ჩვენი თანამემამულე შეიძლება ჩამოვიდეს და დასაქმდეს იმ საწარმოებში, რომლებსაც ეს ბიზნესმენები განავითარებენ. სახელმწიფოს ვალდებულებაა, რასაც ჩვენ სრულიად ვიზიარებთ, რომ ხელი შეუწყოს მსგავს ინიციატივებს და შექმნას თანმიმდევრულად ნაბიჯ-ნაბიჯ ის გარემო, რომელიც მიმზიდველი იქნება ჩვენი ემიგრანტი თანამემამულეებისათვის სამშობლოში დასაბრუნებლად და ღირსეული საქმიანობის დასაწყებად,“ – აღნიშნა კონსტანტინე სურგულაძემ. შეხვედრის მსვლელობისას, ჟურნალისტმა ელგა ფოლადიშვილმა სახელმწიფო მინისტრს უსახსოვრა ემიგრანტთა ცხოვრებაზე შექმნილი საკუთარი წიგნი „წერილები საქართველოს.“ ჟურნალისტმა ნინო ცხოიძემ, ასევე, დიასპორის აპარატს ჟურნალ „ემიგრანტების“ რამდენიმე ნომერი გადასცა. სახელმწიფო მინისტრმა 8 მარტის აღსანიშნავად ჟურნალისტი ქალბატონები ყვავილების თაიგულებითა და დათო ტურაშვილის წიგნით „დოდოს მოლოდინში“ დაასაჩუქრა.