გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა კინორეჟისორ გია კერესელიძესთან

შეხვედრა კინორეჟისორ გია კერესელიძესთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

7 მარტს, სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძემ მიიღო ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები და მოღვაწე ქართველი კინორეჟისორი გია კერესელიძე, რომელიც უახლოეს პერიოდში იწყებს მხატვრული ფილმის „ნინოს“ გადაღებას საქართველოში. ფილმი „ნინო“ შეეხება ქართველთა გამაქრისტიანებელი წმინდანის, ნინოს, ცხოვრებას და მოღვაწეობას. სახელმწიფო მინისტრი დაინტერესდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველების, ქართული დიასპორის წარმომადგენელთა პრობლემებით და დიასპორაში არსებული ვითარებით. გია კერესელიძემ სახელმწიფო მინისტრს გაუზიარა მხატვრული ფილმის „ნინოს“ შექმნის და ამ წმინდანის ცხოვრების შესახებ მხატვრული ფილმის გადაღების მოტივაცია, მისეული ხედვა და მნიშვნელობა. როგორც კინორეჟისორმა აღნიშნა, წმინდა ნინოს ცხოვრება, ის ფასეულობები, რაც წმინდანმა იქადაგა საქართველოში, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზოგადად მსოფლიოს სულიერი განვითარების კუთხით, რისი აუცილებლობაც ასე მძაფრად იგრძნობა დღევანდელ მსოფლიო კინემატოგრაფში. „მსოფლიო კინემატოგრაფი დღეს პრაგმატიზმისა და კომერციალიზაციის სერიოზულ გავლენას განიცდის, რაც ხშირად ჩრდილავს ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებს და სულიერ ღირებულებებს, რაც ასე აკლია დღევანდელ მსოფლიოს. მე ღრმად მჯერა, რომ წმინდა ნინოს ცხოვრება და მისი ცხოვრებისეული ფასეულობების წინ წამოწევა, გახდება არა მხოლოდ ახალი ქართული კინოს აღორძინების, არამედ, მსოფლიოში მისი ადგილის ახლებურად გააზრების საწინდარი,“ – განაცხადა კინორეჟისორმა. მინისტრი მიესალმა ფილმის გადაღების იდეას და აღნიშნა, რომ ქართული საზოგადოებისათვის ფილმი წმინდა ნინოს შესახებ, როგორც გამორჩეულ წმინდანზე, იქნება განსაკუთრებული მნიშვნელობისა და გამორჩეული სითბოთი მიღებული.