გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სახელმწიფო მინისტრმა რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი მიიღო

სახელმწიფო მინისტრმა რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი მიიღო

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

17 თებერვალს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე შეხვდა რეჟისორ გიორგი შალუტაშვილს, რომლის ხელმძღვანელობითაც სულ ახლახანს თავისუფალ თეატრში გაიმართა სპექტაკლ „სათამაშო პისტოლეტის“ პრემიერა თამარ ბართაიას პიესის მიხედვით.

ქართველ რეჟისორთან ერთად სახელმწიფო მინისტრს შეხვდნენ სპექტაკლის მთავარი გმირები, მსახიობები გიორგი აბაშიძე და ანა ალადაშვილი. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლის მთავარი გმირი, მსახიობი გიორგი აბაშიძე, წლების განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და კარგად იცნობს ამერიკაში მცხოვრებ ქართულ დიასპორასა და მათ პრობლემებს. მინისტრთან საუბარში რეჟისორმა გიორგი შალუტაშვილმა დეტალურად მიმოიხილა ქართული კულტურის სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ასპექტები, ამ მიმართულებით არსებული პრობლემები; მათ შორის, დიასპორებთან კულტურული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და განვითარების აუცილებლობა. დიასპორებთან ურთიერთობის კუთხით, რეჟისორ გიორგი შალუტაშვილს დაგეგმილი აქვს აღნიშნული სპექტაკლის ჩვენება ჩვენს დიასპორასთან ბრიტანეთში. სპექტაკლის ინგლისურენოვანი ვერსია წარედგინება ინგლისურენოვან მაყურებელს როგორც საქართველოში, ასევე ბრიტანეთში.

მინისტრთან საუბარში აღინიშნა, რომ აუცილებელია კულტურის სახელმწიფო პოლიტიკის სწორად ჩამოყალიბებისათვის კოორდინირებული ურთიერთობა სამთავრობო სტრუქტურებთან; როგორც კულტურის, ისე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან. კონსტანტინე სურგულაძემ კმაყოფილებით აღნიშნა რეჟისორისა და მსახიობების მხრიდან ჩვენს დიასპორასთან კულტურული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე ზრუნვა და ის კონკრეტული მიდგომები, რაც წინადადებების სახით გაჟღერდა ხელოვანების მხრიდან ამ შეხვედრაზე.

მინისტრმა სტუმრებს გააცნო სამინისტროს საქმიანობა და კონკრეტული პროექტები, რაც ხორციელდება ჩვენს დიასპორებთან ურთიერთობისას სხვადასხვა ქვეყნებში. მინისტრმა ხაზი გაუსვა ქართული ენისა და ისტორიის სწავლების მნიშვნელობასა და აუცილებლობას, ქართველ მასწავლებლებთან ცოცხალი ინტერაქციის ხელშეწყობას სხვადასხვა ონლაინ პროგრამებით, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობისათვის, რომლებიც იქ იღებენ განათლებას. შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი, რომ სხვადასხვა კულტურული პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვისას ხელოვნების წარმომადგენლებმა აქტიურად ითანამშრომლონ სამინისტროსთან.