გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

კონსტანტინე სურგულაძემ სიმონე უოლკერი მიიღო

კონსტანტინე სურგულაძემ სიმონე უოლკერი მიიღო

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დღეს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ შეხვედრა გამართა გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის წარმომადგენელთან საქართველოში ქალბატონ სიმონე უოლკერთან. მინისტრმა სტუმარს გააცნო სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ქართველი ემიგრანტების პრობლემებსა და მათი სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივებთან დაკავშიერებით.

მინისტრმა ისაუბრა იმ ძირითად სირთულეებზე, რამაც წლების განმავლობაში გამოიწვია ჩვენი თანამემამულეების გადინება საქართველოდან და რაც უპირველეს ყოვლისა უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს უკავშირდება. ქალბატონმა უოლკერმა ყურადღებით მოისმინა ყველა ის პრობლემა, რაც ამ ეტაპზე დგას უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების წინაშე, განსაკუთრებით ეს ახალგაზრდა თაობას ეხება, ბავშვებს, რომლებიც იქ დაიბადნენ და განათლებას უცხოეთში იღებენ.

მინისტრმა  ყურადღება გაამახვილა იმ კონკრეტული პროექტებზე, რის განხორციელებასაც სამინისტრო აპირებს  ჩვენი თანამემამულეების რეგისტრაციის, მათთვის დოკუმენტაციის მოწესრიგების, სამუშაო ადგილების შექმნის, წარმატებულ ქართველ ბიზნესმენთა მოწვევით და მათთვის ბიზნესის  წახალისების კუთხით, რაც წინაპირობა იქნება სამშობლოში დაბრუნებული თანამემამულეების დასაქმებისა. სამინისტროს გეგმაში აქვს ემიგრანტული ტელევიზიის ჩამოყალიბება, ინფორმაციის გაცვლა დიასპორების წარმომადგენლებს შორის, ქართული ენის სწავლება ჩვენი დიასპორების ბავშვებისთვის, რადგან იქ მყოფი ბავშვები რეალურად დგებიან მშობლიური ენის დავიწყებისა და დაკარგვის საფრთხის წინაშე.  საუბარში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უცხოეთში მყოფ ჩვენს დევნილ თანამემამულეებზე, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, რომელთა პრობლემები განსაკუთრებულ ძალისხმევასა და ზრუნვას საჭიროებს.

როგორც გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა აღნიშნა, მეტად მნიშვნელოვანია ის საქმიანობა და პრიორიტეტები, რასაც სამინისტრო ახორციელებს და იგი მოხარული იქნება კვლავაც გააგრძელოს აქტიური თანამშრომლობა კონკრეტულ პროექტებზე.

მხარეებმა გამოთქვეს  ურთიერთთანამშრომლობის   სურვილი,  რომელიც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კერძოდ  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობასაც მოიცავს.