გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა გერმანელ სტუმრებთან

შეხვედრა გერმანელ სტუმრებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დღეს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძემ შეხვედრა გამართა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მოქმედი გერმანულ-კავკასიური საზოგადოება ,,ლილეს“ ხელმძღვანელთან მარიკა ლაფაური-ბურკთან და დოქტორ ფრანკ ტრემელთან, რომლებიც საქართველოს ესტუმრნენ ცნობილი ქართველი ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის გივი მარგველაშვილის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისი  საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობისათვის.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს საქართველოსთვის გაწეული ესოდენ დიდი შრომისა და სამსახურისთვის, რასაც ეს ადამიანები  წლების განმავლობაში ეწევიან ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, აღნიშნა, რომ დოქტორი ტრემელის მოღვაწეობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნების კულტურული და სულიერი  ურთიერთობების განვითარებისთვის. შეხვედრაზე ისაუბრეს ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის გივი მარგველაშვილის შემოქმედებაზე, რომელიც  ქართველ და გერმანელ ხალხს შორის ურთიერთობის გაღრმავებისა და მასზე  ზრუნვის მაგალითს წარმოადგენს. ,,ბატონი გივი ერთგვარად, ორმაგი ემიგრანტია, ვთვლი, რომ მას ორი სამშობლო აქვს და იგი ხიდის როლს თამაშობს ქართველ და გერმანელ ხალხს შორის ურთიერთობაში“- განაცხადა მინისტრმა.

დოქტორმა ფრანკ ტრემელმა კონსტანტინე სურგულაძეს გადასცა მისი ქართულ ენაზე ნათარგმნი წიგნი ,,საქართველოს შესახებ“, რომლის პრეზენტაციაც დაგეგმილ ღონისძიებათა ფარგლებშია  გათვალისწინებული.

1 თებერვალს, 17:00 საათზე, ბატონი გივი მარგველაშვილის საზეიმო დაჯილდოება შედგება მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში. დაჯილდოების ცერემონიალში საქართველოს მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და დიასპორის საკითხებში  სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე, გერმანიის მხრიდან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი ორთვინ ჰენიგი, გაზეთ ,,ზიუდოიჩე ცაიტუნგის“-ის ლიტერატურული კრიტიკოსი ლოტარ მიულერი და დოქტორი ფრანკ ტრემელი. დოქტორი ტრემელი ისაუბრებს გივი მარგველაშვილის ფილოსოფიურ მოღვაწეობაზე, დაჯილდოების ცერემონიალის ოფიციალურ ნაწილს დაასრულებს გივი მარგველაშვილის ნაწარმოების კითხვა გერმანულ-ქართულ ენაზე. ღონისძიებას თეატრალურად გააფორმებს ნინო ბურდული მისივე დადგმული სპექტაკლიდან ,,მაყურებელთა დარბაზები“ გივი მარგველაშვილის ისტორიული ზღაპრის მიხედვით. საღამოს დაასრულებს მარიკა ლაფაური-ბურკისა და ნიკო ტარიელაშვილის ექსპერიმენტულ დოკუმენტური ფილმის ,,მაყურებელთა დარბაზების’’ პრემიერა გივი მარგველაშვილის შესახებ.

2 თებერვალს, 18:00 საათზე, კინოს სახლში გაიმართება ფილმის ,,მაყურებელთა დარბაზების’’ განმეორებითი ჩვენება  და წარმოდგენილი იქნება დოქტორ ფრანკ ტრემელის ახალი წიგნი, ესეების კრებული ,,საქართველოს შესახებ“. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია ყველა მსურველისათვის.