გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სტუმრად ჰერეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან

სტუმრად ჰერეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელთა სტუმრობა ჰერეთში უკვე დამკვიდრებულ ტრადიციას წარმოადგენს, რომელსაც ყოველთვის დიდი სიხარულით ხვდებიან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები.

წმინდა ნინოს ხსენების დღეს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები ზაალ სარაჯიშვილი და მუხრან გულაღაშვილი, პროგრამების დეპარტამენტის უფროსი თემურ ტარტარაშვილი,   კახის რაიონს ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში იყო  ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის ხელმძღვანელი, მეუფე მელქისედეკი. დელეგაციის წევრებმა ადგილობრივ მრევლთან ერთად მოილოცეს ალიბეგლოს წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი, დაესწრნენ საღვთო მსახურებას და ტაძარს გადასცეს წმინდა ნინოს მოოქროვილი ხატი, რომელიც ამიერიდან წმინდანის სახელობის ეკლესიაში იქნება დაბრძანებული.  დელეგაციის წევრები ასევე ეწვივნენ კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს, რომლის ეზოშიც წმინდა მიქაელ ყულოშვილის საფლავთან მეუფე მელქისედეკმა აღავლინა წმინდანის სულის მოსახსენებელი პარაკლისი. ღვთისმსახურების რიტუალს ადგილობრივი მრევლიც დაესწრო, რის შემდეგაც გაიმართა ტრაპეზი.წმინდა მიქაელის (ყულოშვილი) ხატი, რომელიც საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა–კურთხევით დაიწერა, დელეგაციის წევრებმა კახის რაიონის წმინდა გიორგის ეკლესიაში დააბრძანეს.

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის  მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები არსებობს, რომელიც სულ უფრო ღრმავდება და ვითარდება. სწორედ ამგვარი ურთიერთობების შედეგია ის, რომ კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს სახალხო თეატრს აზერბაიჯანულმა მხარემ სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიანიჭა. აგრეთვე, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება კახის რაიონში ქართული კულტურის სახლისთვის შენობის გადმოცემის თაობაზე. აზერბაიჯანის რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის მხარდაჭერით, კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში გაიხსნა წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია.  მიმდინარეობს მუშაობა კულტურის ცენტრის აღდგენის საკითხებზე, რაშიც საქართველოს კულტურის სამინისტო აქტიურად არის ჩართული. საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროებს შორის, განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, ქართული მხარე ქართული ენისა და დამხმარე სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებულ ქართულენოვან სკოლებს და პირიქით.  აზერბაიჯანში მცხოვრები ქართულენოვანი მოსახლეობა ითხოვდა აღნიშნული საკითხის მოგვარებას. ეს საკითხი დადებითად არის გადაწყვეტილი და ძალიან მოკლე ხანში მოხდება აზერბაიჯანის ქართულენოვანი სკოლების სახელმძღვანელოებითა და სხვა თვალსაჩინოებებით უზრუნველყოფა.

 

დიასპორის სამინისტროს ხელშეწყობით რეგულარულად ტარდება სპორტული და კულტურული  ღონისძიებები, კერძოდ დავით ყიფიანის სახელობის ტურნირი, ფეხბურთში, რომლის გამარჯვებულსაც გადაეცემა დიასპორის სამინისტროს პრიზი. ჩვენი თანამემამულეები რეგულარულად აღნიშნავენ ყველა მნიშვნელოვან საერო და სასულიერო დღესასწაულს, რომელიც საქართველოში აღინიშნება.

როგორც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ზაალ სარაჯიშვილმა აღნიშნა აზერბაიჯანელ კოლეგებთან ურთიერთთანამშრომლობით, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება, რათა ხელი შევუწყოთ აზერბაიჯანში მცხოვრებ ჩვენს     თანამემამულეებს საქართველოსთან კავშირების გაღრმავებაში, აზერბაიჯანულ საზოგადოებაში ინტეგრაციაში, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში, იმ სიკეთეებით სარგებლობაში, რომელსაც ახალი ხელისუფლება შეუქმნის თავის თანამემამულეებს.