გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

მართლმადიდებლური წირვა სტოკჰოლმში

მართლმადიდებლური წირვა სტოკჰოლმში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

მიმდინარე წლის 4, 5 და 6 ივლისი სტოკჰოლმში ნამდვილ ზეიმად იქცა. მომლოცველები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან: სამების საკათედრო ტაძრისა და მცხეთის ძეგვის დედათა მონასტრის მოძღვარი მამა მამუკა თავხელიძე მგალობლებითურთა და თანხლები პირებით, სტოკჰოლმში სამი დღე დარჩნენ.

მოძღვარმა ცხრა ქართველი თანამემულის სახლი აკურთხა, სამი პატარა ქართველი მონათლა, დამსწრეთ აჩვენა ფილმები ძეგვის დედათა მონასტრისა და ძეგვის ბავშვთა სახლის შესახებ, მოეწყო პატარა კონცერტი, გაიმართა საუბრები საინტერსო საკითხებზე. მოძღვარი ასევე ეწვია საქართველოს საელჩოს შვედეთში. შაბათ დილით, სტოკჰოლმის სერბული ტაძრისაკენ, თითქოს დაუსრულებლად მოედინებოდა ქართველ ემიგრანტთა ნაკადი. უცხოეთში ისმოდა ქართული გალობა, ქართული სიტყვა. ასეთი დიდი სიხარული შვედეთში მცხოვრებქართველობას დიდი ხანია არ განუცდია. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო სტოკჰოლმის ისტორიაში ყველაზე ხალხმრავალი ქართული წირვა, რაც კი ოდესმე ჩატარებულა.  წირვაზე და ამ ვიზიტთან დაკავშირებით შეგროვილი შესაწირი  გაიგზავნა მონასტრისა და ძეგვის ბავშვთა სახლის დასახმარებლად. ქართულმა მრევლმა მადლიერებით კიდევ ერთხელ მოიხსენია სერბი მართლმადიდებელი  ძმები,  რომელთაც უკვე მერამდენედ გამოუწოდეს დახმარების ხელი და ტაძრის კარი გაუღეს მორწმუნე ქართველებს.

ეს დღეები იყო განსაკუთრებული აქ მცხოვრები თითოეული ქართველისათვის. მამა მამუკასთან საუბარში მრევლმა გამოთქვა სურვილი, რომ სტოკჰოლმის სიახლოვეს მოეწყოს პატარა სამლოცველო ან სალოცავი ადგილი, სადაც ქართულად იქნება შესაძლებელი წირვა-ლოცვის ჩატარება. დღეს არსებული პატარა სამრევლო წმინდა ნინოს სახელს ატარებს, ხოლო ახლადშექმნილ სათვისტომოს მფარველად – წმინდა ილია მართალი. ამით ქართველები ცდილობენ სარწმუნოება, ენა და სამშობლოს სიყვარული შეუნარჩუნონ შვედეთში მყოფ თავიანთშვილებს, რომლებსაც ქართველებად ზრდიან უამრავი პრობლემისა და წინააღმდეგობის მიუხედავად. მრევლს ყოველთვის გაახსენდება მამა მამუკას ქადაგება, რომელმაც ასეთი სიტყვებით მოგვმართა: ,,გვახსოვდეს ჩვენი საოცარი სამშობლო, რომელიც გველოდება, რომელსაც ვჭირდებით და რომელსაც უნდა დავუბრუნდეთ, ადრე თუ გვიან.“

მასალა მოგვაწოდა შვედეთის ილია ჭავჭავაძის სახელობის ქართულმა სათვისტომომ.