გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ქართველი ემიგრანტები ფორე მოსულიშვილის ნაკვალევზე

ქართველი ემიგრანტები ფორე მოსულიშვილის ნაკვალევზე

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

25 აპრილს, ჩრდილოეთ იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები მილანის, წმიდა თამარის სახელობის სამრევლოს წინამძღვრის მამა კირიონ მაჩაიძის ლოცვა-კურთხევითა და თანადგომით, კულტურული საზოგადეობა “სამშობლო გულით სატარებელის” თაოსნობით დაესწრნენ იტალიაში ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავ ზეიმსა და იტალიის ეროვნული გმირის ფორე მოსულიშვილის ხსოვნისადმი გამართულ ღონისძიებას ლაგო მაჯორეში, დაბა ბელჯირატეში რომელიც  თითქმის  ოცდაათი წელია სიღნაღთანაა დაძმობილებული.

მრავალი დელეგაცია მიუღია საქართველოდან ბელჯირატეს, რამდენი ოფიციალური თუ კერძო პირი; მთელი რეგიონი ფეხით აქვს მოვლილი ცნობილ ჟურნალისტს ედუარდ სიხარულიძეს, რომელმაც შესანიშნავი წიგნი მიუძღვნა ჩვენს სახელოვან თანამემამულეს მაგრამ ასეთი მრავალრიცხოვანი და უჩვეულო დელეგაცია – სამოცდაათი ქართველი – აქაურობას ნამდვილად არ ახსოვს; ამაზე საგანგებოდ იზრუნეს ორგანიზატორებმა ლ. აბულაძემ, ქ. მამაგულაშვილმა, თ. მაილაშვილმა,  ქ. თურმანიძემ, ნ. გელაძემ.საქართველოს წარმომადგენლებიქართული დროშით, ქართული სუვენირებით ხელდამშვენებულნი დიდი ხნის მეგობრებივით, ნათესავებივით მიიღეს ბელჯირატელებმა, ბელჯირატეს მერმა, ქალბატონმა ფლავია ფილიპიმ ხალხმრავალ მოედანზე გამართულ ოფიციალურ ცერემონიალზე თავის მისასალმებელ სიტყვაში ასეც მიმართაქართველებს ,,ეს თქვენი სახლიც არის, აქ თქვენ სტუმრები არა ხართ“-ო.

თითქმის სამოცდაათი წელია ბელჯირატელები არ ივიწყებენ ფორე მოსულიშვილის გმირობას, ყოველი წლის 25 აპრილს, ფაშიზმისაგან იტალიის გათავისუფლების დღეს  მოწიწებით იხსენებენ აქ დაღუპულ ქართველ პარტიზანებს და განსაკუთრებით ფორეს, მისი სახელობის ქუჩაც დააარსეს და მისი სახელობის მუზეუმიც, სწორედ იმ ქოხში, რომელშიც “… 1944  წლის 3 დეკემბერს გერმანელებმა ალყაში მოიმწყვდიეს რაზმი, რომელშიც ფორე მოსულიშვილი იყო და სასიკვდილოდ განწირულ პარტიზანებს წინადადება მისცეს, თუ მეთაური ჩაგვბარდება, ყველას სიცოცხლეს შეგინარჩუნებთო… მაშინ მძიმედ დაჭრილმა პარტიზანმა წითელი არმიის ეფრეიტორმა ქართველმა ფ. მოსულიშვილმა განუცხადა გერმანელებს: რაზმის მეთაური მე ვარ, მაგრამ თქვენთან ტყვეობას სიკვდილი მირჩევნია და შეძახილით – “გაუმარჯოს თავისუფლებას! გაუმარჯოს პარტიზანებს!” – მათ თვალწინ მოიკლა თავი” (ე. სიხარულიძის წიგნიდან “იტალიის ეროვნული გმირი”, “საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1973 წ.).

ქართველი და იტალიელი ხალხების შემაკავშირებელი ეს უმნიშვნელოვანესი ისტორიული ეპიზოდი გაიხსენა საზოგადოება „სამშობლო გულით სატარებელი“-ს თავმჯდომარემ ნუნუ გელაძემ საზეიმო ცერემონიალზე, ბელჯირატეს მუნიციპალიტეტის მესვეურების: მერის – ფლავია ფილიპის, ვიცემერის ანტონელა გალოს, კულტურისა და ტურიზმის ასესორის კლაუდია ბუშერის, დაბა ლეზას მერის რობერტო გრინიოლის, სხვა ოფიციალური პირებისა და მრავალრიცხოვანი სტუმრის წინაშე და მილანის სათვისტომოსა და პირადად მამა კირიონის სახელით მადლობა გადაუხადა ყველას იმ მართლაც მტკიცე მეგობრობისა და სითბოსთვის, რასაც დღემდე გძნობენ სამშობლოს მოწყვეტილი ქართველები (საზოგადოება ”სამშობლო გულით სატარებელმა” ბელჯირატეს მერიის თანადგომით გასულ წლებში აქ არაერთი კულტურული ღონისძიება გამართა).

საზეიმო ცერემონიალის დამთავრების შემდეგ ქართველი ემიგრანტები და ბელჯირატელები, თითო-ოროლად შემორჩენილ პარტიზანებთან ერთად დაადგნენ ტყით დაბურულ აღმართს, რომელიც იმ საბედისწერო დღეს უკანასკნელად აიარა ფორემ და რომელიც “თავისუფლების ქოხისკენ” მიუყვება, იქ, სადაც მან 16 პარტიზანი – ცხრა იტალიელი და ექვსი ქართველი – სიკვდილისაგან იხსნა. ახლა ეს ქოხი ფორეს ფოტოსურათებით, ბარელიეფებითა და მისი მშობლიური მაჩხაანიდან ჩამოტანილი სუვენირებითაა მოფენილი. მადლიერებითა და მოკრძალებით ათვალიერებენ აქაურობას  ქართველები, ფოტოებს იღებენ, პარტიზანებს ეფერებიან, მუნიცილაპიტეტის მესვეურებსა და ზეიმის ორგანიზატორებს, გულუხვ მასპინძლებს თავადაც უმასპინძლდებიან ქართული კერძებით და ისმის სამშობლოს, წინაპრების, თავისუფლების სადღეგრძელოები, ისმის ქართული გალობა და მამაოს დალოცვა ძმობის, მეგობრობისა და ქრისტესმიერი სიყვარულის საზეოდ.

ქართველი ემიგრანტებისთვის სასიხარულო ისიც იყო, რომ მრავალი წლის შემდეგ ამ ადგილას მათი გალობის თანხლებით მამა კირიონმა თავგანწირული წინაპრის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა.