გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დედაენის ზეიმი შვედეთში

დედაენის ზეიმი შვედეთში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

 

14 აპრილს შვედეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა პირველად იზეიმეს ქართული ენის დღე. ამ დღის აღნიშვნით ჩვენი თანამემამულეები შეუერთდნენ ჩვენს სამშობლოს და ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტულ ემიგრანტებს, რომლებიც იმ დღეს ჩვენი უნიკალური საუნჯის, ქართული ენის პატივსაცემად შეიკრიბნენ.
ღონისძიების ორგანიზატორებმა მოიწვიეს ყველა ემიგრანტი ვისაც კი ხმა მიაწვდინეს.
ილია ჭავჭავაძის სახელობის შვედეთის ახალი ქართული სათვისტომოს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტი ემიგრანტთა მომავალი თაობისთვის ენის შენარჩუნებაზე ზრუნვაა. სწორედ ამიტომაც, სასიხარულოა, რომ საზოგადოების პირველი ღონისძიება ქართული ენის დღესთან დაკავშირებული ზეიმი იყო.
ღონისძიების მთავარი ხიბლი სათვისტომოსთან არსებული ბავშვთა ახალშექმნილი ანსამბლ ”ნერგები” -ს დებიუტი გახლდათ, რომელთაც ქართული ხალხური სიმღერები საჯაროდ პირველად შეასრულეს. დიდი იმედია, რომ მისი დამაარსებლის, ლოტბარ ლელა კუხიანიძის დაუღალავი შრომა და ენთუზიაზმი აუცილებლად ნაყოფს გამოიღებს და ეს ანსამბლი ქართული კულტურის თვალსაჩინო ნიმუში გახდება უცხოეთში.
ამ დღეს, შორეული შვედეთში საქართველოს საელჩო სავსე იყო პატარა ქართველებით: ნინო, მარიამი, თამარი, ბარბარე, თორნიკე, ლაშა, სალომე, გიორგი, მართა, რევაზი, ანა, ელენე, თეკლა… ერთად ამდენი ქართული სახელის გაგონება, და თუნდაც მხოლოდ მათი ყველას ერთად ნახვა უკვე თავისთავად იყო ზეიმი. პატარების მიერ ომახიანად, ან მორცხვად და ანდა სულაც ჩურჩულით თქმული ქართული პოეზია გულზე მალამოდ ედებოდა სამშობლოს მონატრებულ ქართველობას.
აღსანიშნავია, რომ  ქართული დიასპორის წარმომადგენელთა მიერ ქართული ენის დღესასწაულის გამართვის წამოჭრილ ინიციატივას მხარი აქტიურად დაუჭირა საქართველოს საელჩომ. შეკრებილ საზოგადოებას ელჩის სახელით მიესალმა მისი მრჩეველი უჩა გობეჩავა და შეკრებილსაზოგადოებას ელჩის მისალმება გააცნო.
საელჩოსთან არსებული საკვირაო სკოლის მნიშვნელობისა და ფუნქციის შესახებ ისაუბრა ელჩის რეფერენტმა ანუკი სტურუამ, რომელიც თავად უძღვება ამ ფრიად საპასუხისმგებლო მისიას და ბავშვებს ქართულად აზროვნებასა და ქართული ენის სამყაროს შეცნობაში ეხმარება. ამჟამად სკოლაში 10 ბავშვი დადის და მეორე კლასის პროგრამას გადიან. იმედია ბავშვების რაოდენობა გაიზრდება. მშობლებისთვის საყურადღებო ინფორმაციაა, რომ შემოდგომში შეიქმნება დაწყებითი კლასიც, თუ მსურველებიგამოჩნდებიან.
ღონისძიების გამორჩეული სტუმარი გახლდათ იოაკიმ ენვალი, შვედი ლინგვისტი, უფსალის უნივერსიტეტის პროფესორი, ჩინური ენის სპეციალისტი. იოაკიმმა მოხიბლა დამსწრე საზოგადოება ქართული ენის ბრწყინვალედ ცოდნით. მან არა მარტო ქართული, არამედ მეგრული ენაც იცის. მან ხაზი გაუსვა, რომ უცხოეთში გაზრდილი ბავშვებისთვის მშობლების ენის ცოდნა მნიშვნელოვანია, ენის გარეშე ვერ ჩაწვდები ერის კულტურას, რადგან ეროვნება უპირველესად, კულტურული კატეგორიაა, ამიტომ ენის დაკარგვა მშობლიურიკულტურისადმი გაუცხოვებას გამოიწვევს. რაც ფრიად დასანანია თუნდაც ჩვეულებრივ ყოფით დონეზე, როდესაც შვილიშვილები ბებია-ბაბუასა და ნათესავებთან ვერ შეძლებენ კონტაქტის დამყარებას. ერთია სასაუბრო ენა და მეორეა სალიტერატურო ენა. იოაკიმმა ხაზი გაუსვა საკვირაო სკოლის დიდ მნიშვნელობას.
სწორედ  მშობლებზეა დიდად დამოკიდებული, საქართველო დაკარგავს უცხოეთში დაბადებულ ჩვენს შვილებს, თუ პირიქით, მათი სახით კიდევ მეტი ქართველს შეიძენს.
შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი წელილით მიმარტეს მალმოს უნივერსიტეტის კავკასიური კვლევის განყოფილების ხელმძღვანელმა, პროფესორმა კარინა ვამლინგიმა, დოქტორებმა მანანა კობაიძემ და რევაზ ჭანტურიამ. მათ მოგვილოცეს ქართული ენის დღის ზეიმი და აღნიშნეს ის საჭიროება, რომ ქართულ ენას უცხოეთშიც მიეცეს განვითარების შესაძლებლობა. კერძოდ, მალმოს უნივერსიტეტში არსებობს დისტანციური წავლების გაძლიერებული კურსები ქართული ენასა და კავკასიოლოგიაში.
ზეიმი ალაფურშეტით დასრულდა, სადღესასწაულო სუფრას ამშვენებდა ქართული ღვინო, ტკბილეული, უგემრიელესი ბადრიჯანი ნიგოზში და ჩვენი თანამემამულე გალინა მამიევას სახელგანთქმული ოსური ხაჭაპურები.
მადლობა ყველას, ვინც მცირეოდენი წვლილი მაინც შეიტანა ამ უმშვიდესი და უმშვენიერესი შეხვედრის მოწყობასა და ჩვენი სამშობლოს მონატრებით გამოწვეული ტკივილის ოდნავ შემსუბუქებაში.
მასალა მოგვაწოდა შვედეთის ილია ჭავჭავაძის სახელობის ქართული სათვისტომოს გამგეობის სახელით ნინო ბიწაძე-ოლოფსონმა.