გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ქართველებმა მილანში ნინოობა აღნიშნეს

ქართველებმა მილანში ნინოობა აღნიშნეს

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ღვაწლმოსილი ქართველი ემიგრანტის ნინო ყაუხჩიშვილის თაოსნობით მილანში დაფუძნებული ქართულ-იტალიური საზოგადოება “სამშობლო – გულით სატარებელი” 2005 წლიდან მოყოლებული ყოველთვის დიდი მასშტაბით აღნიშნავს ნინოობას, რომელსაც რელიგიური დატვირთვის გარდა განსაკუთრებული კულტურულიმნიშვნელობაც ენიჭება. საზოგადოებამ ტრადიციას არც წლეულს უღალატა  და მილანის სამრევლოს მოძღვრის, მამა კირიონ მაჩაიძის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით 27 იანვარს წმინდა ნინოს დღესასწაული მოძღვრის მიერ აღვლენილი საზეიმო პარაკლისით დაიწყო. საღვთო ლიტურგია მამა კირიონმა შესანიშნავი ვრცელი სიტყვა-ქადაგებით დაასრულა, რომელიც წმ. ნინოს ღვაწლსა და ჩვენი დედაეკლესიის  როლს ეძღვნებოდა ერის გამთლიანების საქმეში. მამა კირიონი შეეხო აგრეთვე იმ უდიდეს მორალურ და სოციალურ მისიას, რაც განგებამ სამშობლოს მოწყვეტილ ქართველებს დააკისრა და მილანის ქართულ სათვისტომოს ღვთისა და ერის სიყვარულში გამთლიანებისაკენ, სამშობლოში დაბრუნებისაკენ მოუწოდა.

ხალხმრავალ მრევლს მოგვიანებით იტალიელი სტუმრებიც შეემატნენ და საზოგადოების პრეზიდენტმა ნუნუ გელაძემ ქართველებისთვის ამ ძალზე მნიშვნელოვან ღონისძიებაში მუდამ ერთგულად მონაწილეობისთვისმადლობა მოახსენა მათ და საგანგებოდ აღნიშნა, რომ ნინოობას საზოგადოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან სწორედ ამ უდიდესი წმინდანის დღეს ჩაუყარა საფუძველი ნინო ყაუხჩიშვილმა “სამშობლო – გულით სატარებელს” და “მისდამი ხსოვნა სამშობლოს წინაშე იმ დიდი ვალის აღსრულებას გვაკისრებს, რაც დიდმა ნინომ ანდერძად დაგვიტოვა – მარად და ყოველთვის გულით ვატაროთ სამშობლო, ყველგან და ყოველთვის გავაჟღეროთქართული სიტყვა, ქართული კულტურა, ქართული სულიერება, აკი წერს კიდეც თავის დანაბარებში – “ყველაზემეტად მსურდა, დასავლეთში გაეცნოთ აღმოსავლელი მართლმადიდებელი წმინდა მამები – სულიერი სიმდიდრისადა რელიგიათაშორისი შეცნობის დაუშრეტელი წყარო.”

საპატიო სტუმრების: იტალიაში საქართველოს კონსულის ვახტანგ ანდღულაძის, პროფ. ფრანჩესკა მელცი-ყაუხჩიშვილის, ქ. სიღნაღთან დაძმობილებული დაბა ბელჯირატეს მერის ფლავია ფილიპის, ამბროლაურთან დაძმობილებული დაბა მაგრელიოს მერის ჯოვანა არიგონესა და ვიცემერის პაოლო ჩერუტის, ბარის ქართულ-იტალიური საზოგადოების წარმომადგენლის ნინო ზურაბიშვილისა და ამავე საზოგადოების მდივნის რობერტა კოშონეს, საზოგადოება “ჟალეთის” პრეზიდენტის ნათია ზაზაშვილის წარდგენის შემდეგ ნ. გელაძემ დამსწრე საზოგადოებას ღონისძიების “მთავარი გმირი” – “ვეფხისტყაოსნის” მთარგმნელი ანტონიო ბონელი წარუდგინა და დასძინა, რომ ქართველთა ბიბლიად წოდებული “ვეფხისტყაოსნის” ორი პროზაული თარგმანი არსებობს იტალიურ ენაზე:  ერთი  შალვა ბერიძის მიერ შესრულებული და გამოცემული 1945 წელს, მეორე–  მარიო პიკისა, გამოცემული 1981 წელს, ხოლო რაც შეეხება მილანელი ქირურგის, პროფესორ ანტონიო ბონელის თარგმანს, პოეტურია და გამოცემულია 1998 წელს. უდიდესი პატივისცემით მიიღეს ქართველებმა გამორჩეული სტუმარი, რომელმაც ვრცლად ისაუბრა პოემისა და მის თარგმანთან დაკავშირებულ სირთულეებზე, იმ უდიდეს სიამოვნებაზე, რაც ქართულ რენესანსთან შეხებამ განაცდევინა. დიდი ინტერესი გამოიწვია ნიკოლო ფაჩოტო-მელქაძის, ქრისტინე ნერგაძის, ქეთი თურმანიძის, ნანა ყუფარაძის, ნ. გელაძის, მ. ტაბიძის მიერ “ვეფხისტყაოსნის” ნაწყვეტების ქართულ და იტალიურ ენებზე წაკითხვამ.  დარბაზის ოვაცია გამოწვია საზოგადოების აქტიური წევრის, მილანში უკვე ცნობილი სტილისტის ლეილა პირველის ტრადიციული ქართული სამოსის ჩვენებამ. და არამხოლოდ: ლეილა პირველი თავის დროზე სოხუმის ანსამბლშიც ცეკვავდა და ამჯერადაც არაფრთოვანა მაყურებელი თავისი მოხდენილი ცეკვით.  მხურვალე ტაში არც საზოგადოება “ჟალეთის” წევრს, ფლორენციის კონსერვატორიის სტუდენტს სოფო კანდელაკს დაკლებია, რომელმაც საკუთარი სიმღერები და ულამაზესი ცეკვა “ჯეირანი” შეასრულა. იმდღევანდელ ბევრ საინტერესო სიახლეს ერთ დიდ სიურპრიზად ახალგაზრდა მუსიკოსების თეა ჩხენკელის, მიხეილ ქირიას და ოთარ ნაკაშიძის მართლაც დახვეწილი და აკადემიური საშემსრულებლო ხელოვნების გამოვლენა შეემატა.

ქართული კულტურის ასე გულუხვად წარმოჩენას ამავე კულტურის შემადგენელი ნაწილი – ქართული სამზარეულო და ტრადიციული მასპინძლობაც ახლდა, რაზეც ჩვეული გულმოდგინებით იზრუნეს ქ. თურმანიძემ, მ. ზალოშვილმა, თ. ოსეფაიშვილმა, მ. იაკობაშვილმა, ვ. გახოკიძემ, ლ. პირველმა, მ. თურმანიძემ, მ. დურგლიშვილმა, ქ. მამაგულაშვილმა, ი. აბეიშვილმა, ნ. წიწაშვილმა, შ. ლაშქარავამ, ნ. მამაგეიშვილმა, ე. ყურავამ და სხვებმა.