გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება

უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

2011 წლის 30 აპრილს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერთა სასახლის დიდ საკონცერტო დარბაზში უკრაინის ქართული სათვისტომოების ფორუმი გაიმართა, რომელშიც 14 ოლქის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ფორუმში განიხილეს რეგიონის ქართულ სათვისტომოებში არსებული სიტუაცია, ბოლო წლის განმავლობაში რეგიონებში ჩატარებული სამუშაო და ასევე სამომავლო გეგმები. სათვისტომოს წარმომადგენლებმა ასევე იმსჯელეს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების საკითხებზე, ქართული დიასპორის როლზე და სამშობლოში მიმდინარე პროცესების, ეკონომიკის, ტურიზმის განვითარებისა და  ინვესტიციების განსახორციელებლად ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ. ამ საკითხებთან დაკავშირებით ფორუმზე სათვისტომოების ხელმძღვანელებმა მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინის მსხვილ საოლქო ცენტრებში გაიმართოს მრგვალი მაგიდა თემებზე “საქართველო ეკონომიკის განვითარების გზაზე” და “საქართველოს ტურიზმი 2011”.

“ქართული სათვისტომო აქტიურად ადევნებს თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ  მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს უკრაინის მოსახლეობა საქართველოში მიმდინარე იმ სიახლეებზე, რაც ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას ეხება. სათვისტომოების ხელმძღვანელებმა მიიღეს გადაწყვეტილება სხვადასხვა ღონისძიებისა და სამუშაოების ჩატარების შესახებ უკრაინის მილიონიან ქალაქებში. ასევე ფორუმის მონაწილეებმა დაუჭირეს მხარი სათვისტომოს გასვლითი ყრილობის წელიწადში ერთხელ სხვადასხვა რეგიონებში ჩატარების ინიციატივას”, – აღნიშნა უკრაინის ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელმა ბესიკ შამუგიამ.

ფორუმის დამთავრების შემდეგ ქართული კულტურის ფესტივალი გაიმართა, რომელიც კიევის ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ “იბერიელის” 15 წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიებაში ადგილობრივ ქართულ კოლექტივებთან ერთად მონაწილეობა მიიღო  ცნობილმა  უკრაინელმა მომღერლმა დენი გროუსმა და ხალხური მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ ანსამბლმა “კონსტანტინამ”. ფესტივალის სტუმრები იყვნენ  ქართველი მომღერლები სოფო ხალვაში, ნეკა სებისკვერაძე და დავით არჩვაძე.

უკრაინის ქართულმა სათვისტომომ 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით და  უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების კომიტეტთან შეთანხმებით, სპეციალური ჯილდო “წმინდა გიორგის” ორდენი დააფუძნა.

სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება “გეორგიამ” სპეციალური დიპლომითა და “წმინდა გიორგის” ორდენით უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების, ქართული კულტურის განვითარებაში გაწეული სამუშაოებისა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობისათვის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში ბატონი გრიგოლ ქათამაძე დააჯილდოვა.

საზეიმო ღონისძიებას უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და რეგიონული ქართული სათვისტომოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.