გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

კომისიის პირველი სხდომა

კომისიის პირველი სხდომა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

27 აპრილს, 12:00 საათზე, სახელმწიფო კანცელარიის მთავრობის სხდომათა დარბაზში დიდი ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, მიხეილ (მიხაკო) წერეთლის ნეშთის საფრანგეთიდან საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის პირველი სხდომა გაიმართება.

ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ერთ–ერთი გამორჩეული მებრძოლის მიხეილ (მიხაკო) წერეთლის ნეშთის პარიზის ლევილის სასაფლაოდან საქართველოში გადმოსასვენებლად საქართველოს მთავრობის განკარგულებით სპეციალური კომისია იმუშავებს. კომისიის თავმჯდომარეა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე კი საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნუგზარ წიკლაური. კომისიაში შედიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ქირია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  მინისტრის მოადგილე გიორგი გამსახურდია, ქალაქ  თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ბუბა კუდავა და მიხაკო წერეთლის ნათესავები.

მას შემდეგ, რაც ბოლშევიკურმა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა, მიხაკო წერეთელი იძულებული იყო სამუდამოდ დაეტოვებინა სამშობლო. იგი ნაყოფიერ სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მისი სტატიები და ნაშრომები მსოფლიოს წამყვან ჟურნალ–გაზეთებში ქვეყნდებოდა, იგი იყო პოლიტიკური ორგანიზაციის ,,თეთრი გიორგი’’–ს ერთ–ერთი დამფუძნებელი და ლიდერი.

დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, მიხაკო წერეთლის ნეშთის საფრანგეთიდან საქართველოში გადმოსვენების ინიციატორია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

როგორც ცნობილია, თავად მიხაკო წერეთლის სურვილი იყო გარდაცვალების შემდეგ მისი ნეშთი მშობლიური მიწისთვის მიებარებინათ.