გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საქართველოში სამხრეთაფრიკელ ფერმერთა პირველი კონგრესი გაიხსნა

საქართველოში სამხრეთაფრიკელ ფერმერთა პირველი კონგრესი გაიხსნა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით საქართველოში ვიზიტად სამხრეთაფრიკული ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები და ფერმერები იმყოფებიან. გუშინ სასტუმრო ,,რედისონში’’ საქართველოში სამხრეთაფრიკელ ფერმერთა პირველი კონგრესი გაიხსნა, რომელსაც 70-მდე სამხრეთაფრიკელი ფერმერი და ბიზნესკომპანიის წარმომადგენელი დაესწრო, რომლებიც ძირითადად სოფლის მეურნეობის სფეროს წარმოადგენენ. კონგრესის მიზანს საქართველოში სამხრეთაფრიკული ინვესტიციების მოზიდვა და სამხრეთაფრიკელ ფერმერთა გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

24 აპრილს, 11:30 საათზე,  დელეგაციის წევრები ქალაქ რუსთავში, რუსთავის იუსტიციის სახლს  მოინახულებენ, სადაც მათთვის გაიმართება პრეზენტაცია პირადობის მოწმობებისა და პასპორტების გაცემის პროცედურების შესახებ. ასევე დელეგაციის წევრები ეწვევიან შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს  სადაც მათ სააგენტოს თანამშრომლები დეტალურად გააცნობენ, თუ როგორ ხდება ავტომობილის მართვის მოწმობის გაცემა. ბოლოს სამხრეთ აფრიკის დელეგაციის წევრები რუსთავის საბაჟო–გამშვებ პუნქტს ,,გეზს’’ მოინახულებენ და უშუალოდ ნახავენ, თუ როგორ ხდება ტვირთის საბაჟო გაფორმება და მომსახურება.

დელეგაციას მეგზურობას გაუწევს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია.

 

23 აპრილს, სასტუმრო ,,რედისონში’’ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სამხრეთ აფრიკის ,,ტრანსვაალის სასოფლო-სამეურნეო  კავშირი’’–ს ორგანიზებით საქართველოში სამხრეთაფრიკელ ფერმერთა პირველი კონგრესი გაიხსნა. კონგრესის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით  მიმართა სახელმწიფო მინისტრმა, მირზა (პაპუნა) დავითაიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა კონგრესის მონაწილეებს საქართველოში ჩამოსვლისთვის და კმაყოფილება გამოთქვა სამხრეთ აფრიკის ეროვნულ აგრარულ კავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული პროექტის წარმატებული მსვლელობის გამო. სტუმრებს სიტყვით მიმართა პროექტის ორგანიზატორმა,  ,,ტრანსვაალის სასოფლო-სამეურნეო კავშირის’’ გენერალურმა მენეჯერმა, ბენი ვან ზილმა. კონგრესს 50-მდე სამხრეთაფრიკელი ფერმერი და სამხრეთაფრიკული ბიზნესკომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებიც ძირითადად სოფლის მეურნეობის სფეროს წარმოადგენდნენ. კონგრესის მიზანს საქართველოში სამხრეთაფრიკული ინვესტიციების მოზიდვა და სამხრეთაფრიკელ ფერმერთა გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. სამხრეთაფრიკელი ფერმერებისა და ბიზნესმენებისთვის საქართველოს ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული შესაძლებლობებისა და საქართველოში წარმატებით განხორციელებული რეფორმების გაცნობის მიზნით საქართველოს სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა მათ თავიანთი უწყებების საქმიანობაზე პრეზენტაციები წარუდგინეს. თავის მხრივ, საქართველოში უკვე დაფუძნებულმა სამხრეთაფრიკელმა ფერმერებმა, პიტ კემპმა და შოლკ კრუგერმა საქართველოში ფერმერული საქმიანობის თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს კონგრესის მონაწილეებს. აგრეთვე,  საქართველოში უკვე განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია წარმოადგინეს სამხრეთაფრიკული ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებმა. საქართველოში კომპანიის საქმიანობაზე ისაუბრა და ,,სამხრეთაფრიკელი ფერმერების მომსახურების პრეზენტაცია’’ წარმოადგინა კომპანია ,,Bridge Global”-ის წარმომადგენელმა  ფრიკ ვან სტაადენმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვერა ქობალიამ კონგრესის მონაწილეებთან ისაუბრა იმ ცვლილებებისა და რეფორმების გზაზე, რომელიც საქართველომ ბოლო წლებში ეკონომიკის სფეროში გაიარა. მინისტრმა  დელეგაციის წევრებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მიზნები და განხორციელებული წარმატებული რეფორმების შედეგები გააცნო საბაჟო, მომსახურების, ტურიზმისა, თუ სხვა სფეროში. კონგრესის მონაწილეებს თავისი უწყების საქმიანობა წარუდგინა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ კახა აქიშბაიამ.   განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგიელემ, ნოდარ სურგულაძემ სტუმრებს განათლების სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმები გააცნო. კონგრესის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს პირველი ლედი, ქალბატონი სანდრა ელისაბედ რულოვსი, რომელმაც ვრცლად ისაუბრა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაზე.

პირველად მსგავსი კონგრესი 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა ,,ტრანსვაალის სასოფლო-სამეურნეო კავშირის’’ ორგანიზებით. კონგრესზე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, პაპუნა დავითაიამ სამხრეთაფრიკელებს საქართველოს ბიზნესგარემო და ქვეყანაში არსებული საინვესტიციო კლიმატი გააცნო. სწორედ ამის შემდეგ მოხდა სამხრეთაფრიკული მხარის საქართველოთი დაინტერესება და გადაწყდა, რომ სამომავლოდ, მსგავსი კონგრესი საქართველოშიც გამართულიყო. მას შემდეგ, პროექტის ფარგლებში, რომელიც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ხორციელდება, საქართველოს 120-მდე ფერმერი სტუმრობდა, მათგან 20-მა დაარეგისტრირა საქართველოში ბიზნესი, რამოდენიმე ფერმერმა კი, უფრო მსხვილი ინვესტიციების განსახორციელებლად კონსორციუმი შექმნა.