ძვირფასო თანამემამულენო,
საქართველოს სახელმწიფოსათვის საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებზე ზრუნვა ერთ–ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიზანია, თანამემამულეებში კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება და ქვეყანაში მიმდინარე აღმშენებლობის, ინვესტირების პროცესში მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა.
ქართული დიასპორის ფართო სპექტრიდან გამომდინარე, ჩვენი უწყება ცდილობს აკადემიურად გაიაზროს, სპეციფიკის მიხედვით მოიცვას თვითოეული მათგანი და სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებს გაუადვილოს კომუნიკაცია შესაბამის სფეროში მომუშავე უწყებებთან. ამის მისაღწევად, ჩვენი თანამშრომლები მზად არიან ჩასწვდნენ დიასპორის თითოეული წარმომადგენლის პრობლემებს და საქართველოში ბოლო კარამდე იყვნენ მათი მეგზურნი.
ჩვენ, ქართული დიასპორის სულისკვეთებას ვაიგივებთ სოციალურ გმირობასთან, რამაც ჩვენი ქვეყნის მრავალი ოჯახი გაჭირვებას გადაარჩინა. საზოგადოების მხრიდან დიასპორის პრობლემატიკაზე ყურადღების მაქსიმალური კონცენტრირების მიზნით, აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საერთაშორისო, თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რათა ქართული დიასპორის თემა იყოს უფრო მაღალ ხარისხში აყვანილი. სწორედ ამ მიზნით, ვატარებთ კონფერენციებს, დიასპორულ ფორუმებს, მარათონებს, სადაც მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ უშუალოდ დიასპორის წარმომადგენელთა ჩართულობას.
ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საზღვარგარეთ მყოფ ახალგაზრდა თანამემამულეებთან, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, ვთავაზობთ რა მათ დიასპორულ სტაჟირებებს, სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებს, რადგან მიგვაჩნია, რომ მათ თავიანთი განათლებით, ინტელექტუალური პოტენციალით და უნარებით დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ ჩვენი ქვეყნის პროგრესული მომავლისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
ჩვენ, როგორც თანამოაზრეთა გუნდი, ყოველდღიური, ღია და ხარისხიანი საქმიანობით, მაქსიმალურად ვცდილობთ, წარმოვადგენდეთ იმ ორგანიზაციას, რომელიც სარგებელს მოუტანს ქართულ დიასპორას და შეასრულებს სამშობლოსთან დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას.

გელა დუმბაძე