გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი ესპანეთის სამეფოში

სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი ესპანეთის სამეფოში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

 

ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პაპუნა დავითაიამ შეხვედრები  მადრიდსა და ბარსელონაში არსებულ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან და დიასპორის წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრებს   ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ნიკოლოზ ნათბილაძე და საქართველოს კონსული ბარსელონაში პაატა პაპუაშვილიც ესწრებოდნენ. შეხვედრებზე სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქართული სახელმწიფოსთვის დიასპორის საკითხის მნიშვნელობაზე, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების მიერ ეროვნული თვითმყოფადობის, ქართული ენის, ტრადიციებისა და კულტურის შენარჩუნებაზე, დიასპორებთან ურთიერთობების გაღრმავების,  მუდმივი, მჭიდრო კონტაქტების, სხვადასხვა პრობლემების გადაჭრის მიზნით  მექანიზმების სრულყოფის,  დიასპორის  ერთიან ეროვნულ სივრცეში ინტეგრაციის აუცილებლობაზე, ქართული კულტურის, ისტორიის, ფოლკლორული ანსამბლების, თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის კუთხით მუშაობის გააქტიურებაზე. შეხვედრებზე ყურადღება დაეთმო იმ ძირითად პრობლემას, რასაც ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება- ქართული საკვირაო სკოლების ფუნქციონირებას. სახელმწიფო მინისტრმა ესპანეთის ქართულ დიასპორას აღუთქვა თანადგომა ქართული საკვირაო სკოლების დაარსებისა და ფუნქციონირების საკითხის გადაწყვეტაში, რაშიც მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგმულია: საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და  დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლობით შეიქმნა ერთიანი ეროვნული სასწავლო პროგრამა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სასკოლო პროგრამებთან და  შემუშავებულია სამი საგნისთვის: ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია და გეოგრაფია.

17 აპრილს, პაპუნა დავითაიამ ქალაქ ბარსელონას ქართულ ეკლესიაში შეკრებილ მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა. ეკლესიაში, რომელიც უკვე 4 წელია ფუნქციონირებს, ბზობის წირვა მოძღვარმა, მამა ლუკა ფალავანდიშვილმა აღავლინა. სახელმწიფო მინისტრი ბარსელონაში მცხოვრებ თანამემამულეებს მათთვის აქტუალურ პრობლემატიკაზე ესაუბრა და ამ მიზნით თანამემამულეებს მხარდაჭერა აღუთქვა.  შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საზღვარგარეთ ქართული დიასპორული ორგანიზაციების, საკვირაო სკოლების, ფოლკლორული ანსამბლების წარმატებით ფუნქციონირების ხელშეწყობაზე. თანამემამულეებში დიდი დაინტერესება გამოიწვია ერთიანმა სასწავლო პროგრამამ, რომლის საშუალებითაც სამშობლოში დაბრუნების მსურველ დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ სწავლა გააგრძელონ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში და დაბრკოლების გარეშე მოახდინონ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირება.