გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ლევილის მამული საქართველოს უბრუნდება

ლევილის მამული საქართველოს უბრუნდება

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დღეს, 23 მაისს საზეიმოდ მოეწერა ხელი მემორანდუმს ,,ლევილის მამულის საქართველოსთვის გადაცემის შესახებ”. ლევილის მამულის საქართველოსთვის გადაცემა საუკუნის წინ თავად ქართველი ემიგრანტების მიერ შეძენილ ფრანგულ მიწაზე, ლევილის  შატოს პირველი რესპუბლიკის დარბაზში გაფორმდა. საქართველოს მხრიდან მემორანდუმს დიასპორის საკითხებში  საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, მირზა (პაპუნა) დავითაიამ მოაწერა ხელი, ხოლო საფრანგეთის მხრიდან, ლევილის მამულის მმართველმა, ასოციაცია ,,ქართული კერის” თავმჯდომარემ, ქალბატონმა ირენ ციციშვილმა. შეთანხმების მიხედვით ხუთი ჰექტარი მიწის ფართობი და შატო ლევილი საქართველოს გადაეცემა. დოკუმენტის გაფორმების შემდეგ კიდევ რამოდენიმე აუცილებელი იურიდიული პროცედურაა გასავლელი, რომელიც სავარაუდოდ ერთ წელიწადში დასრულდება. პირველ რიგში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ოფიციალური თბილისისთვის ქონების საბოლოოდ გადმოსაცემად წინადადებებს მაქსიმუმ ერთი წლის ვადაში მოამზადებს.

ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში მამუკა კუდავა, ლევილის მერის მოადგილე, კლოდ ფარმანწიე და სხვა ოფიციალური პირები, რომლებმაც ამ მოვლენასთან დაკავშირებით თავიანთ ოფიციალურ გამოსვლებში  ლევილის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

,,ჩემთვის ლევილი ყოველთვის საქართველო იყო. აქ ხშირად მაშინ მოვდიოდით, როდესაც სამშობლო გვენატრებოდა. ჩვენ მუდმივად ვიბრძოდით იმისათვის, რომ ეს მიწა საბჭოთა ხელისუფლებას ხელში არ ჩავარდნოდა. ძალიან გვიხარია, რომ ლევილს დამოუკიდებელი საქართველო დაიბრუნებს”, აღნიშნა თავის გამოსვლაში ირენ ციციშვილმა.

საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, მამუკა კუდავას თქმით ,,ეს ისტორიული დღეა, ვინაიდან დღევანდელი ხელმოწერით საქართველო გაერთიანდა იმ თაობებთან, რომლებიც   საბჭოთა ოკუპაციის გამო უცხოეთში იყვნენ გადახვეწილი. ჩვენ შევასრულეთ ის ანდერძი, რომელიც ამ თაობებმა დაუტოვეს დღევანდელ საქართველოს”.

პაპუნა დავითაიამ ხაზი გაუსვა იმ დიდ ღვაწლს, რაც საფრანგეთში ემიგრირებულ  საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელებსა და საფრანგეთის ქართულ სათვისტომოს მიუძღვის საფრანგეთში საქართველოს საკუთრების შენარჩუნებაში,  საბჭოთა პერიოდში პოლიტიკური სირთულეების დაძლევაში, მათ შორის საბჭოთა კავშირის მცდელობების – საკუთარ მფლობელობაში მოექციათ ლევილის მამული. ,,დღეს ლევილის შატო იწყებს ახალ სიცოცხლეს, იძენს ახალ ფუნქციას, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დავასრულოთ მთელი პროცედურული, იურიდიული ნაწილი გადაცემისა, რათა შემდგომში უკვე ჩვენ,   საქართველოს მხარეს მოგვეცეს საშუალება დავიწყოთ მუშაობა მის რეაბილიტაციაზე”. აღნიშნა პაპუნა დავითაიამ.

დღეს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მთავრობა ვალდებულებას იღებს, რომ ლევილი, როგორც კულტურულ-ისტორიული ცენტრი უფრო მეტად განავითაროს. საფრანგეთის ქართული მიწა ხელმისაწვდომი იქნება სტუდენტების, მეცნიერებისა და მკვლევარებისათვის. ამავე ტერიტორიაზე იქნება ბიბლიოთეკა, არქივი და მუზეუმი, რომელიც მომავალ თაობებს 1918-1921 წლების პირველი რესპუბლიკის ისტორიას გააცნობს.

შეთანხმების ხელმოწერამდე პაპუნა დავითაიამ ლევილის ქართულ სასაფლაოზე პატივი მიაგო საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლების ხსოვნას და პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას და ემიგრაციაში დაღუპული ქართველების საფლავები ყვავილებით შეამკო. ოთხოცი წლის შემდეგ ლევილის მამული კვლავ საქართველოს და ქართველ ხალხს უბრუნდება.

მემორანდუმზე ხელმოწერას წინ უძღოდა ქართული სათვისტომოსა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ განხორციელებული უდიდესი სამუშაო, რომელიც მათ  ამ განზრახვის წარმატებით სისრულეში მოსაყვანად გასწიეს. საზოგადოების – ,,ლევილის ქართული კერის” ხელმძღვანელობის მიერ გამოხატულ იქნა კეთილი ნება აღესრულებინათ წინაპრების ანდერძი, თავისუფალ საქართველოში ღირსეულად განხორციელებულიყო ის კეთილშობილური მიზანი, რისთვისაც იბრძოდა დემოკრატიული საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობა –  ლევილის მამული, რომელიც ეროვნული ისტორიისა და მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია,   საქართველოს და ქართველ ხალხს დაბრუნებოდა.