გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

კონკურსის პირობები

კონკურსის პირობები

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ჩერქეზი (ადიღელი) ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის მოწყობის თაობაზე გამოცხადებული კონკურსის პირობები

  1. კონკურსის კონცეპტუალური ნაწილი
    რუსეთ-კავკასიის ომის (1763-1864 წწ.) პერიოდში, რუსეთის იმპერიის კოლონიურ პოლიტიკას, ჩერქეზი (ადიღელი) ხალხის ეთნიკური ნიშნით წმენდა მოჰყვა. იმპერიის პოლიტიკურმა და სამხედრო ხელმძღვანელობამ წინასწარ დაგეგმა და შემდგომ განახორციელა ჯერ ჩერქეზეთის ტერიტორიების დაცლა, ხოლო შემდგომ, მათგან დაცლილ ადგილებში სხვა ეთნიკური ჯგუფების მიზანმიმართული ჩასახლება.
    ფაქტია, რომ მრავალი სადამსჯელო სამხედრო ექსპედიციის შედეგად ფიზიკურად განადგურდა ან სამშობლოდან განიდევნა ჩერქეზი (ადიღე) მოსახლეობის 90%-ზე მეტი.
    რუსეთის იმპერიის მრავალი ოფიციალური დოკუმენტით დასტურდება რუსეთ-კავკასიის ომის დროს იმპერიის სამხედრო შენაერთების აგრესიული ქმედებები, კერძოდ, ხელოვნურად მოწყობილი შიმშილობები და ეპიდემიები, რომლებიც მიზნად ისახავდა მშვიდობიანი მოსახლეობის – ჩერქეზი ეროვნების წარმომადგენელთა – ფიზიკურ განადგურებას.
    კაცობრიობის ბოლო პერიოდის ისტორიამ ხალხთა გენოციდების არაერთი შემთხვევა იცის, მაგრამ ჩერქეზული (ადიღური) გენოციდის შემთხვევა სრულიად განსხვავებულია, ვინაიდან, სხვებისგან განსხვავებით, ჩერქეზებმა (ადიღელებმა) მოსახლეობის ორ მესამედთან ერთად დაკარგეს სამშობლო და ასე აღმოჩნდნენ მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში მიმოფანტულები.
    2011 წლის 20 მაისს საქართველოს პარლამენტმა აღიარა რუსეთის იმპერიის მიერ განხორციელებული გენოციდი ჩერქეზი (ადიღელი) ხალხის მიმართ, რომლის გაგრძელებაც არის საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის N1446 განკარგულება. აღნიშნული განკარგულების თანახმად ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, საქართველოს ტერიტორიაზე მემორიალის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდება, რომელიც ქალაქ ანაკლიაში დაიდგმება, ანუ იმ ადგილას, სადაც მე-19 საუკუნეში სამშობლოდან იძულებით აყრილმა და ოსმალოთა იმპერიაში მიმავალმა, ჩერქეზული (ადიღური) მოსახლეობის არაერთმა ტალღამ გაიარა.
    2. კონკურსის პირობები:
    ა) მემორიალის პროექტი სივრცითი კომპოზიციის, მასშტაბის თვალსაზრისით არ უნდა იყოს კამერული ხასიათის; აღქმის წერტილები უნდა შეირჩეს მოედნის გეგმარებითი მდგომარეობის გათვალისწინებით; კომპოზიციის შერჩევისას ანგარიში უნდა გაეწიოს მიმდებარედ არსებულ ნაგებობებს; საკონკურსო პროექტის ესკიზები გადაწყვეტილი უნდა იყოს თავისუფალი დიზაინის, სკულპტურულ-არქიტექტურული სინთეზის საშუალებით; გრაფიკული მასალების შესრულების მანერა თავისუფალია.
    ბ) კონკურსანტის განმარტებით ბარათში მითითებული უნდა იყოს, რა მასალაში განხორციელდება მემორიალი;
    გ) კონკურსში მონაწილეები Yთავისუფალნი არიან მემორიალური კომპოზიციის განსახორციელებლად გამოსაყენებელი მასალების შერჩევაში;
    დ) კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: მოქანდაკეებს, არქიტექტორებს, მხატვრებს, აგრეთვე, ჯგუფური პროექტის წარმოდგენისას მასში ჩართულ არადიპლომირებულ სპეციალისტებს;
    ე) კონკურსი ტარდება ერთ ტურად. იგი ჩატარებულად ჩაითვლება არანაკლებ ორი პროექტის წარმოდგენის შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლის თაობაზე. კონკურსი ითვლება ჩაშლილად აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კომისია ვერ გამოავლენს გამარჯვებულს.

    3. კონკურსის პრემია
    კონკურსში გამარჯვებული პროექტის ავტორის ან ავტორთა ჯგუფისათვის დაწესებულია ფულადი პრემიebi:
    a) პირველი ადგილი – 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;
    b) მეორე ადგილი 3 000 (სამი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;
    g) მესამე ადგილი – 1 000 (ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;

    4. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს მიეწოდებათ:
    ა) ინფორმაცია კონკურსის პირობებზე;
    ბ) მემორიალის განსათავსებელი ტერიტორიის სიტუაციური გეგმა, მასშტაბი 1:500;
    გ) განაშენიანების ფოტომასალა;
    d) ინფორმაცია ჩერქეზი (ადიღელი) ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის შესახებ;

მასალების მიწოდება შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით.

5. კონკურსში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საკონკურსო მასალები:
ა) განმარტებითი ბარათი (არაუმეტეს სამი გვერდისა); განმარტებით ბარათში ჩამოყალიბებული უნდა იყოს პროექტის კონცეფცია, ასევე, მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული, თუ რა მასალით განხორციელდება მემორიალი;
ბ) ტერიტორიის სიტუაციური გეგმა, მასშტაბი – 1:500;
გ) მემორიალის გეგმა, მასშტაბი – 1:100 ან 1:200;
დ) მემორიალის მოდელი, მასშტაბი 1:20;
ე) განშლები, ფოტომონტაჟი ან ჩანახატი;
ვ) საპრემიო თანხის პროპორციული განაწილება, დადასტურებული ავტორთა ხელმოწერით;
ზ) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (განაცხადში დაფიქსირებული უნდა იყოს ავტორის/ავტორების სახელი, გვარი, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია; განაცხადში ავტორმა/ავტორებმა უნდა დაადასტუროს, რომ გაეცნო კონკურსის პირობებს და ეთანხმება მას).

აღნიშნული მასალები წარმოდგენილი უნდა იქნას დალუქული კონვერტით (დალუქულ კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ავტორის/ავტორების ვინაობა, სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი, ელ. ფოსტა ან/და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია დადასტურებული შესაბამისი ხელმოწერით/ხელმოწერებით). მასალები შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას ელექტრონული (CD ვერსია) სახით ArchiCAD ან AutoCAD პროგრამაში;
შესაბამისი მასალების წარმოდგენასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი უნდა გაიღოს პროექტის ავტორმა (ავტორებმა).

6. კონკურსის ჩატარების კალენდარული გეგმა
ა) კონკურსის მონაწილეებზე საკონკურსო მასალები გაიცემა 2011 წლის 12 სექტემბრიდან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 11.00 საათიდან 17.00 საათამდე;
ბ) საკონკურსო პროექტებზე მასალები მიიღება დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი აპარატში 2011 წლის 25 ნოემბერს თბილისის დროით 12.00-15.00 საათამდე. აღნიშნული დროის შემდეგ, დაგვიანებით წარმოდგენილი პროექტები და მასალები საკონკურსოდ არ დაიშვება. კონკურსში გამარჯვებული პროექტი და ავტორი/ავტორები გამოცხადდება 2011 წლის 2 დეკემბერს;
g) პროექტის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, აგრეთვე კომისიის წარმომადგენლები.

7. კონკურსში მონაწილეთა საავტორო უფლებები:
ა) გამარჯვებული პროექტები გადადის კონკურსის ორგანიზატორების საკუთრებაში, ხოლო არაპრემირებული პროექტი და საკონკურსო მასალები უბრუნდებათ ავტორებს კონკურსის შედეგების გამოცხადებიდან მომდევნო ათი დღის განმავლობაში;
ბ) კონკურსში მონაწილეთა საავტორო უფლებები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დამატებითი ინფორმაციის მიღება და კონსულტაციები:
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
ტელ: +995 32 2 18 05 35; +995 32 236 89 66;
ელ.ფოსტა:

infodiasporagovge@yahoo.com

infodiasporagovge@gmail.com

info@diaspora.gov.ge

მისამართი:
საქართველოს მთავრობის კანცელარია,
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი,
საქართველო, თბილისი 0134, ინგოროყვას ქ. 7