გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრები აზერბაიჯანში

შეხვედრები აზერბაიჯანში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და ხელშეწყობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში, ჰეიდარ ალიევის სახელობის საკონცერტო დარბაზში ცნობილი ქართველი მომღერლის ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის კონცერტი გაიმართა. კონცერტი ბუბა კიკაბიძის საკონცერტო ტურნეს ნაწილია, რომელიც დეკემბრის თვეში ბელარუსის რესპუბლიკასა და უკრაინაშიც იგეგმება. კონცერტს ესწრებოდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ავალიანი, რომელიც ამავე პერიოდში აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. კონცერტზე მოწვეულნი იყვნენ ქალაქ ბაქოს, კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონების ქართული სათვისტომოების წარმომადგენლები. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა და ფართოდ გაშუქდა აზერბაიჯანის წამყვანი საინფორმაციო საშუალებებით.

21 ნოემბერს, საქართველოს საელჩოს შენობაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ავალიანის შეხვედრა ბაქოს ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე, აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი რაფაელ ღვალაძე, ქართული დიასპორის 25 კაციანი ჯგუფი და საელჩოს თანამშრომლები. ნიკოლოზ ავალიანმა ისაუბრა თანამედროვე მსოფლიოში დიასპორის მნიშვნელობის შესახებ და ხაზი გაუსვა მისი შესაძლებლობების გამოყენების აუცილებლობას. მან დამსწრეთ გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფუნქციები, სამომავლო გეგმები და მუშაობის ძირითადი მიმართულებები. ნიკოლოზ ავალიანმა ხაზი გაუსვა სახელმწიფო მინისტრის აპარატის აქტიურ თანამშრომლობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ქართული საკვირაო სკოლებისთვის სპეციალური სასწავლო პროგრამების შემუშავების მიზნით; მან აგრეთვე ისაუბრა დიასპორასთან კავშირ-ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე, კულტურის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით დიასპორებთან აქტიურ თანამშრომლობაზე.
თავის მხრივ, დიასპორის წარმომადგენლებმა სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს გააცნეს მათ წინაშე მდგარი პრობლემები. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სათვისტომო შეიმუშავებს და დაამტკიცებს მუშაობის ახალ გეგმას, განსაზღვრავს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს.
22 ნოემბერს ნიკოლოზ ავალიანი მიიღო საზღვარგარეთ მცხოვრებ აზერბაიჯანელებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ ნაზიმ იბრაგიმოვმა. მხარეებმა ისაუბრეს დიასპორების მნიშვნელობის შესახებ და საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე, ხაზგასმით აღნიშნეს ორ მეგობარ ქვეყანას – აზერბაიჯანსა და საქართველოს შესაბამის სტრუქტურათა შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა. ამ მიზნით მხარეები შეთანხმდნენ მომავალ წელს ორმხრივი ვიზიტების განხორციელებაზე.