გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საპატიო წარმომადგენლები

საპატიო წარმომადგენლები

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს საზღვარგარეთის ქვეყნებში დიასპორის საკითხებში საპატიო წარმომადგენელი ეყოლება. ბრძანებულების პროექტის ავტორია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის თანამდებობის შემოღების მიზანს საზღვარგარეთ ქართული დიასპორისა და დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობისათვის ხელშეწყობა, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ დიასპორას შორის ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება წარმოადგენს. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლების დანიშვნა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. ამ თანამდებობის შემოღებით დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს შესაძლებლობა მიეცემა დიასპორის ადგილსამყოფელ სახელმწიფოებში განახორციელოს ქართული დიასპორის საერთო კოორდინაცია. საპატიო წარმომადგენლის ფუნქციებში შევა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ქართულ დიასპორაში საქართველოს პოლიტიკის მხარდაჭერა, საქართველოსა და ქართულ დიასპორას შორის ეკონომიკური, სამეცნიერო, სავაჭრო, ტურისტული, კულტურული, სპორტული და სხვა სახის ურთიერთობების განვითარების, საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. დიასპორის საპატიო წარმომადგენელი ხელს შეუწყობს საქართველოსა და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ქართულ დიასპორას შორის ურთიერთობების განვითარებასა და გაფართოებას, ქართული დიასპორის ჩაბმას საქართველოში მიმდინარე პროცესებში, განახორციელებს ადგილსამყოფელ ქვეყნებში ქართული დიასპორის წარმომადგენელთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.

დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი კოორდინირებას გაუწევს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პროგრამების განხორციელებას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ქართული დიასპორის ორგანიზაციების საქმიანობაში და ხელს შეუწყობს მათ კოორდინირებულ საქმიანობას, სახელმწიფო მინისტრის აპარატს მიაწვდის ინფორმაციას ქართულ დიასპორაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ხელს შეუწყობს ქართულ დიასპორასა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოში სხვა მეგობარი სახელმწიფოების დიასპორებს შორის ურთიერთობას, საქართველოსა და დიასპორის ადგილსამყოფელ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და განვითარებას.