გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ბურების ვიზიტი საქართველოში

ბურების ვიზიტი საქართველოში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

მიმდინარე წლის 29 სექტემბერს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართული დიასპორის ორგანიზებით, საქართველოს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ფერმერთა თხუთმეტკაციანი დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციის წევრები წარმოადგენენ სამხრეთ აფრიკის სხვადასხვა მსხვილ სასოფლო-სამეურნეო ფერმერულ ორგანიზაციებს მეფრინველეობის, მეცხოველეობის, მეცხვარეობის, მებოსტნეობის, მარცვლეულის კულტურათა დარგში.

დელეგაციის წევრებს უკვე ჰქონდათ შეხვედრები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებთან, სადაც მოისმინეს ინფორმაცია ამ უწყებებში მიმდინარე რეფორმებზე და მათ სამოქმედო გეგმებზე; საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო კლიმატის შესახებ. დელეგაციას შეხვედრა ჰქონდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან, სადაც მათ გააცნეს ვითარება სოფლის მეურნეობის დარგში და აგრარულ სექტორში.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დელეგაცია საქართველოს რეგიონებსაც სტუმრობდა: კახეთის რეგიონში დელეგაციის წევრები შეხვდნენ გუბერნატორის მოადგილეს, დაათვალიერეს შუხმანვაინის ქართულ-გერმანული საწარმო, სოფელ ნაფარეულში მოინახულეს ძმები გამტკიცულაშვილების ვენახი, მონაწილეობა მიიღეს რთველში. ქვემო ქართლის რეგიონში სტუმრობისას სტუმრებმა დაათვალიერეს მარნეულის საწარმო ,,ბაზი”, გარდაბნის მიწები, თელეთის მეცხოველეობის ფერმა.
4 ოქტომბერს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ფერმერთა დელეგაცია აჭარაში გაემგზავრა, სადაც დაგეგმილია შეხვედრები აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, სტუმრები მოინახულებენ ხილის კომპანია ,,ნარინჯი”-ს საწარმოს, ჩაქვის მეფუტკრეობის ბიზნესცენტრ ,,ბუნების ნობათ”-ს, სასათბურე მეურნეობა ,,Icon Group”-ს. სამეგრელოს რეგიონში სტუმრები შეხვდებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს, მოინახულებენ თხილის პლანტაციებს, საწარმო ,,ფერერო”-ს, თეკლათის ჰოლანდიელების ფერმას, ფოთის პორტს, დაათვალიერებენ ინდუსტრიულ ზონას.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტის მიზანია საქართველოში სამხრეთ აფრიკული ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. აღსანიშნავია, რომ დელეგაციის ვიზიტი მიმდინარე წლის 18 აგვისტოს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ეროვნულ აგრარულ კავშირსა და საქართველოს მთავრობას – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შედეგია.
დელეგაცია საქართველოს 6 ოქტომბერს დატოვებს.