გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ქართული ბიზნესის დესპანები

ქართული ბიზნესის დესპანები

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

 

14 ივლისს, სახელმწიფო კანცელარიის მთავრობის სხდომათა დარბაზში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მიმღებ ქვეყნებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელთა რწმუნებათა სიგელები გადასცეს. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებად დაინიშნენ: ალექსანდრე ქურთაული – უკრაინის დონეცკის ოლქში, ბესარიონ ბუხრაშვილი – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ იოჰანესბურგში, დიანა ცერცვაძე – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ერფურტში, თეიმურაზ ყულოშვილი – აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ აღნიშნა, რომ მიმღებ ქვეყნებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელთა დანიშვნა დიასპორისათვის დამატებითი, კარგი საშუალებაა ადგილობრივ ბიზნესწრეებთან და ხელისუფლებასთან ურთიერთობების დასამყარებლად. ოფიციალური, ლეგიტიმური სტატუსი მათ უფრო მეტ საშუალებას მისცემს მიმღებ ქვეყნებში ბიზნესწრეებს გააცნონ საქართველოს განვითარების რეალური სურათი, ბიზნესგარემო და საინვესტიციო კლიმატი, აგრეთვე, შეიმუშაონ და განახორციელონ საინტერესო პროექტები. წარმომადგენლების დანიშვნა ხელს შეუწყობს საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას, ქართული ბიზნესის საზღვარგარეთ პოპულარიზაციასა და რეკლამირებას.
ჯემალ ინაიშვილმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მინისტრს თანამშრომლობისათვის და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის მარტში ორ უწყებას – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის დაწყებული, მემორანდუმით გაფორმებული თანამშრომლობა, რომელიც ითვალისწინებს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენთა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მუდმივ და საპატიო წარმომადგენლებად წარდგენას, წარმატებით და ნაყოფიერად გრძელდება, და რომ ამ ურთიერთობას უკვე დადებითი შედეგები მოჰყვა.
მირზა (პაპუნა) დავითაიამ დიასპორის წარმომადგენლებს განუმარტა, რომ შემოდგომაზე სახელმწიფო მინისტრის აპარატი აპირებს სემინარების ჩატარებას, რათა დიასპორის წარმომადგენლები უკეთ გაეცნონ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, რომლებიც დინამიკურად ვითარდება, ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში მომხდარ დადებით ცვლილებებს. სემინარი, რომელიც სავარაუდოდ წელიწადში ორჯერ ჩატარდება, დამატებით ინფორმაციას მიაწვდის დიასპორებს საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესებზე.