გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ქართული დიასპორა საქართველოში შეიკრიბა!

ქართული დიასპორა საქართველოში შეიკრიბა!

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის დღე 2010

“მას აქეთ, რაკი…”

(დიასპორის დღის ოფიციალური გახსნა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე დასწრება)

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე… სიმბოლურია, რომ წელს სწორედ ამ დღეს გაიხსნა “დიასპორის დღე 2010,” თბილისში, სასტუმრო “Radisson” – ში.
მოგეხსენებათ, მაგრამ შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2007 წელი საქართველოში დიასპორის წლად, 27 მაისი კი „ქართული დიასპორის დღედ” გამოცხადდა, მას აქეთ ყოველ 27 მაისს აღინიშნება “დიასპორის დღე,” ანუ “დიასპორის დღის” აღნიშვნა საქართველოში ტრადიციად იქცა და მისი ორგანიზატორი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატია.
სასტუმრო “Radisson” – ში სხვადასხვა ქვეყნის ქართული დიასპორის 100-მდე წარმომადგენელი შეიკრიბა. ღონისძიებას ახლდა ემოცია, სიყვარული, სამშობლოს და ერთმანეთის მონატრება. ქართული დიასპორა ხომ ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ ძლიერი ეკონომიკური საყრდენია, არამედ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მუდმივი თანამონაწილენი არიან, ანუ ეს არიან ადამიანები, რომლებიც უცხოეთიდან ზრუნავენ საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
“მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული,

ჰოი, მამულო, გამიკრთა მე ძილი და შვება!

შენს ძარღვის ცემას მე ყურს ვუგდებ სულგანაბული,

ღამე თენდება ეგრეთ ჩემი და დღე ღამდება.”

დიახ! ქართული დიასპორა განმსჭვალულია საქართველოს გაცნობიერებული სიყვარულით! და “მას აქეთ რაკი…” ამ სიყვარულს ადამიანი შეიცნობს, იგი უკვე მუდამ სულგანაბული ადევნებს თვალ-ყურს მამულის ძარღვის ცემას. შესაბამისად, არც არის გასაკვირი ის, რაც დღეს ჩვენ უკვე თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ – ქართული დიასპორა საქართველოში შეიკრიბა და ჩვენ ერთად აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და დიასპორის დღეს!
მაშ ასე, დღეს 26 მაისს სასტუმრო “Radisson” – ში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიება გახსნილად გამოცხადდა. სამშობლოში ჩამოსულ თანამემამულეებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ბატონი მირზა (პაპუნა) დავითაია მიესალმა:
“მიხარია, რომ ჩამობრძანდით, ვფიქრობ, კარგი ტრადიცია მკვიდრდება, ჩვენ გვსურს, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდეს, 26-27 მაისს მთელი მსოფლიოს ქართველობა საქართველოში ჩამოვიდეს, რათა ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, დიასპორის დღე. ისტორიის სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა ნეგატიური თუ პოზიტიური მიზეზის გამო საქართველოს დიასპორა მთელ მსოფლიოში გაიფანტა. რაც არ უნდა იყოს მიზეზი ამისა, შედეგი ერთია – საქართველოს ჰყავს დიდი დიასპორა – მთელ მსოფლიოში. ჩვენი მიზანია, რომ არ დავკარგოთ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობა.
მე თავად მიცხოვრია საზღვარგარეთ და თავად ვიცი ქართული დიასპორის განწყობა, ვიცი, რომ სამშობლოსთან ურთიერთობა თითოეული თქვენგანის სურვილია. დიასპორის დღე სწორედ ის გადაკვეთის წერტილია, სადაც სახელმწიფო, კონკრეტულად დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და თქვენ ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, საზღვარგარეთ აქტიურად მოღვაწე ქართველები, ერთმანეთს ხვდება და შეხვდება. მას ასე, იწყება დიასპორის დღე, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, ჩვენ ხანგრძლივი საუბრები გვექნება, კარგად გავიცნობ თითოეულ თქვენგანს, თქვენ გაიცნობთ ერთმანეთს… ახლა კი ყველას საქართველოს დამოუკიდებლის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე გეპატიჟებით.
ჩვენ მიერ თქვენთვის დაგეგმილ ყველა ღონისძიებას მე თქვენთან ერთად დავესწრები, ჩემი მოადგილეები და აპარატის თანამშრომლები არც ერთი წუთით არ დაგტოვებენ და არც ერთი თქვენ მიერ დასმული შეკითხვა უპასუხოდ არ დარჩება. ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენ ერთმანეთს საკუთარი იდეები უნდა გავუზიაროთ.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის.”

სახელმწიფო მინისტრის გამოსვლას საზოგადოება ტაშით შეეგება. შემდეგ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ბატონი მირზა (პაპუნა) დავითაია, მინისტრის მოადგილეები, აპარატის თანამშრომლები და საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრნენ.