გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა პარლამენტში

შეხვედრა პარლამენტში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე დასწრების შემდეგ, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, პარლამენტის პირველ რესპუბლიკურ დარბაზში, შეხვედრა მოუწყვეს საქართველოს ხელისუფლების წევრებმა.

შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისრმა, ბატონმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ გახსნა.
“მადლობას ვუხდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით ბაქრაძეს, საქართველოს პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ნუგზარ წიკლაურსა და პარლამენტის ყველა წევრს მოწვევისთვის. ვინაიდან, ჩვენ მოგვეცა საშუალება ერთად შეკრებისა პარლამენტში და საუბარი ქართული დიასპორის პრობლემებთან დაკავშირებით.” – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
დამსწრე საზოგადოებას, ბატონმა ნუგზარ წიკლაურმა მიმართა: “მოხარული ვარ, რომ დღეს კომიტეტში 25 ქვეყნიდან ჩამობრძანებული 100-ზე მეტი ჩვენი თანამემამულე შეიკრიბა, თქვენთან შესახვედრად მოსულია ყველა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ეს თარიღი ყველა ქართველისთვის ძვირფასია, მაგრამ ალბათ სამშობლოს განცდა, კიდევ უფრო გამძაფრებული გაქვთ, თქვენ, რადგან მოშორებულნი ხართ საკუთარ სამშობლოს, ამიტომ მინდა განსაკუთრებულად მოგესალმოთ და განსაკუთრებულად მოგილოცოთ 26 მაისი, დიასპორის დღე და გისურვოთ წარმატებული საქმიანობა.
ორიოდ სიტყვით მოგახსენებთ თუ რა წინსვლა გვაქვს ჩვენ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. კერძოდ, გააქტიურებულია საკვირაო სკოლების მიმართულებით მუშაობა, ასევე ჩვენთვის პრიორიტეტულია კულტურისა და ფოლკლორის მიმართულება, ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები, სავაჭრო პალატასთან დადებულია ხელშეკრულება და ჩვენი დიასპორის ბევრი წარმომადგენელი – მიმღებ ქვეყნებში, უკვე საქართველოს სავაჭრო პალატის მიერ მინიჭებული სტატუსით ისარგებლებს.
ჩვენმა თანამემამულეებმა ყველაზე უკეთ იციან, თუ რა ეკონომიკური პროექტები უნდა განხორციელდეს ქვეყნების დაახლოების თვალსაზრისით, იქმნება სოციალური ქსელი დიასპორისთვის. დიასპორული პოტენციალის, როგორც ინტელექტუალური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით გამოყენება ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის მეტად სასარგებლოა… სასურველია ფინანსური და ინტელექტუალური რესურსები ქართულმა დიასპორამ საკუთარი ქვეყნის აღმშენებლობას მოახმაროს.
საქართველო ყოველთვის გახსნილი ქვეყანა იყო, ქართული კულტურა მსოფლიო გამოცდილების მიმართ გახსნილი კულტურაა. ჩვენს წინაპრებს თამამად გაჰქონდათ თავისი კულტურა და კიდევ უფრო მოწინავე გამოცდილება შემოჰქონდათ საქართველოში… დასავლური გზა, ევროპასთან ინტეგრაცია არის ლოგიკური გაგრძელება ჩვენი წინაპრების საქმისა, სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს არ შეძლებოდა ყოფილიყო გახსნილი სამყაროს ნაწილი, რუსეთმა ბარბაროსული შეტევა განახორციელა ჩვენს ქვეყანაზე, 2008 წლის აგვისტოში, მაგრამ ქართულმა სახელმწიფომ გაუძლო ყველაზე მძლავრ შემოტევას უახლოესი ოცი წლის განმავლობაში, იგი არა მხოლოდ გადარჩა, არამედ ღირსეულად გამოიარა ომის ქარ-ცეცხლი. დღეს ჩვენი ქვეყანა არის კიდევ უფრო ძლიერი და ყველამ კარგად ვიცით თავისუფლების ფასი, მაგრამ რომ არა საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველების დახმარება ჩვენ ნამდვილად ვერ შევძლებთ ჩამოვაყალიბოთ ისეთი ღირსეული სახელმწიფო, როგორიც გეოცნებებათ თქვენ, ამიტომ ჩვენი დიასპორა ქართული სახელმწიფოს ორგანული ნაწილია…”
შემდეგ ქართული დისპორის წარმომადგენლებს, ბატონმა დავით ბაქრაძემ მიმართა:
“მოხარული ვარ, რომ დღეს პარლამენტში ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იმართება, ეს არ არის ერთჯერადი სტუმრობა, ჩვენ დღეს გხვდებით თქვენ, როგორც ქართული სახელმწიფოს ნაწილს, თქვენთვის საქართველოს პარლამენტი ისევე ღიაა, როგორც საქართველოში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, მოხარული ვარ, რომ ქართული დიასპორა თანდათანობით ხდება ორგანიზებული ჩამოყალიბებული ძალა, რომელსაც შენარჩუნებული აქვს მშობლიური ენა, ტრადიციები, კულტურა, გარდა ამისა თქვენში ჩამოყალიბებულია თავისუფლების განცდა… საამაყოა, რომ დღეს უცხოეთში მცხოვრები ქართველები ორგანიზებული კულტურული და პოლიტიკური ძალაა. მე არ შემიძლია მადლობა არ გადახადოთ იმ ღვაწლისთვის, რომელიც თქვენ 2008 წელს გაიღეთ საქართველოს გადასარჩენად… თქვენ მაშინ საქართველოს მკვიდრ მოქალაქეებთან ერთად, მთელ მსოფლიოს დაანახეთ, რომ ჩვენი ქვეყანა არასდროს დანებდება მტერს და ქართული სახელმწიფო მუდამ იარსებებს! მცდელობა იმისა, რომ ქართული დიასპორა პოლიტიკურ თამაშობებში ჩართულიყო იყო და გაგრძელდება, მაგრამ მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ პრაქტიკულად არც ერთი ქართული დიასპორა არ ჩართულა ამ პოლიტიკურ თამაშებში, თითოეული თქვენგანი ყოველთვის ქართული სახელმწიფოს ინტერესს იცავდა. ქართული სახელმწიფოს ინტერესი თითოეული ჩვენგანის ინტერესია და ერთად უნდა ვეცადოთ იმას, რომ ეს სახელმწიფო იყოს უკეთესი, ძლიერი! პრობლემები იყო და არის, მაგრამ ჩვენ ერთად უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემები… ჩვენი ყველას მიღწევაა, რომ საქართველო დღეს შედგა, როგორც სახელმწიფო, და მე მჯერა, რომ ეს სახელმწიფო კიდევ მეტად განვითარდება, ჩვენი ერთად მუშაობის შედეგად.
სულითა და გულით გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და დიასპორის დღეს.”
ქართულ დიასპორას, მიესალმა საქართველოს განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი გოკა გაბაშვილი:
“მაქვს პატივი მოგესალმოთ განათლების მეცნიერების და კულტურის კომიტეტის სახელით. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შევძლებთ საკვირაო სკოლებში შევქმნათ ისეთი გარემო, რომ თქვენმა შვილებმა კარგად იცოდნენ ქართული ენა, შეისწავლონ ჩვენი ქვეყნის ისტორია, ტრადიციები, რათა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათთვის ადვილი იყოს ინტეგრირება საკუთარი ქვეყნის საზოგადოებრიობასთან. ვიცი, რომ ბევრი ქართველი მეცნიერი, რომელიც საზღვარგარეთ წამყვან უნივერსიტეტებში მოღვაწეობს, თანახმაა საკუთარ სამშობლოშიც ასწავლოს ახალგაზრდებს, გაუზიაროს გამოცდილება… ამის ინიციატორი ჩვენი დიასპორული ორგანიზაცებია. რისთვისაც მადლობას მოგახსენებთ…
გილოცავთ, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართული დიასპორის დღეს!”
ქართულ დიასპორას მიესალმნენ საქართველოს პარლამენტის სხვა წევრებიც. შეხვედრა დასრულდა დიასპორის წარმომადგენელთა გამოსვლებით, გარდა ამისა, პარლამენტარებმა პასუხები გასცეს ჩვენი უცხოელი თანამემამულეების შეკითხვებს.