გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ბიზნესი თქვენს სამშობლოში

ბიზნესი თქვენს სამშობლოში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

17-19 მაისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ერთობლივ პროექტს – “დაბრუნება საქართველოში” ახორციელებს.

პროექტი ითვალისწინებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბიზნესმენებისთვის თავიანთი სამშობლოს საინვესტიციო გარემოს გაცნობას, საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებთან და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრას.
16 მაისს თბილისში 23 უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე ბიზნესმენი ჩამოვიდა.
დღეს 17 მაისს ქორთიარდ მერიოტში, ღონისძიება “დაბრუნება საქართველოში” გახსნილად გამოცხადდა. ქართული ბიზნესდიასპორის წარმომადგენლებსა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ბატონმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, ბატონმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ბატონმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ თანამემამულეებს მადლობა გადაუხადა ჩამობრძანებისთვის, მან აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ის კარგი საინვესტიციო გარემო, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა და რომელიც კიდევ უფრო სასურველი ხდება, არა მხოლოდ უცხოელი ინვესტორებისთვის იყოს ხელმისაწვდომი, არამედ, პირველ ყოვლისა, საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის. ანუ, ინფორმაცია უპირველესად ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ. სწორედ ამიტომ განხორციელდა პროექტი “დაბრუნება საქართველოში” და ჩვენი თანამემამულე ბიზნესმენთა საქართველოში მოწვევა.
“ძვირფასო თანამემამულეებო, ჩვენ ერთად უნდა გავატაროთ სამი დღე და თქვენ მოგეცემათ საშუალება, გაიცნოთ ის ადამიანები, რომლებიც თქვენთვის საინტერესო დარგებს ხელმძღვანელობენ, სწორედ მათგან მოისმინოთ ყოველივე, თქვენი თვალით ნახოთ, რა ხდება, რა ვითარდება, რა ცვლილებები მიმდინარეობს ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში, ანუ მიიღოთ უკეთესი, ზუსტი ინფორმაცია და შესაბამისად, გქონდეთ მოტივაცია იმისათვის, რომ აწარმოოთ ბიზნესი თქვენს სამშობლოში.” – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
ეკონომიკის განვითარების მინისტრმა, ბატონმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა, ასევე მადლობა გადაუხადა ქართული ბიზნესდიაპორის წარმომადგენლებს ჩამობრძანებისთვის, მან აღნიშნა, რომ ღონისძიება “დაბრუნება საქართველოში” მიზნად ისახავს ქართული დიასპორის ჩართულობას ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.
საკუთარი ხედვა და პროექტები წარმოადგინეს საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს დირექტორმა, ბატონმა ირაკლი მატკავამ, რომელმაც საფუძვლიანად აღწერა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური წინსვლა, გარდა ამისა, საფუძვლიანად გააცნო დამსწრე საზოგადოებას ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემო. სიტყვით გამოვიდა თბილისის მერიის წარმომადგენელი. მან უშუალოდ თბილისის განვითარების გეგმების შესახებ ისაუბრა. პროექტები წარმოადგინეს საქართველოს ბიზნესასოციაციის სხვა წევრებმაც.
დასასრულს, დამსწრე საზოგადოებას ბიზნესმენმა ფადი ასლიმ მიმართა, ხოლო ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიგი თევზაძემ საქართველოს საგანმანათლებლო სივრცის გაფართოებისა და გაძლიერების შესახებ ისაუბრა.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ბატონი მირზა (პაპუნა) დავითაია და ეკონომიკის განვითარების მინისტრი, ბატონი ზურაბ პოლოლიკაშვილი, ჩვენს თანამემამულეებთან ერთად, სვანეთის (მესტია) დასათვალიერებლად გაემგზავრნენ, შემდეგ დელეგაცია ბათუმს ესტუმრება, ქართული დიასპორის წარმომადგენლები სიღნაღსა და ყვარელსაც ეწვევიან.
უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, ჩვენს თანამემამულეებს საქართველოს საპატრიარქოში შეხვდება.